საქართველოში მარწყვის იმპორტი შემცირდა. 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 913 030 აშშ დოლარის ღირებულების 645 ტონა მარწყვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,3 მლნ აშშ დოლარის 982 ტონა მარწყვის იმპორტი ფიქსირდება.
საქართველოსთვის მარწყვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზეც წელს იმპორტის 97% მოდის, კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც წელს მარწყვი შემოვიტანეთ, საბერძნეთია 17 ტონით.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო. მცირედი რაოდენობით კი, მარწყვი 2024 წლის პირველ კვარტალში ეგვიპტიდანაც შემოვიდა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემს, საქართველოში მთლიანად 4,1 მლნ აშშ დოლარის 3000 ტონამდე მარწყვი შემოვიტანეთ. 2023 წელს კი 1 მლნ აშშ დოლარის 3600 ტონა. ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გასულ წელს მარწყვის იმპორტი გაუძვირდა.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექსპორტი გაორმაგდა და იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყნიდან 424 960 აშშ დოლარის 205 ტონა მარწყვი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 263 190 აშშ დოლარის 141 ტონა მარწყვის ექსპორტი დაფიქსირდა.




























