მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილის და ოკაცეს კანიონის ადმინისტრაცია: სტუმრების 75-80% ტურისტია, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან

61066bd9d23a4
თათია კაკიაშვილი
01.08.21 15:47
1746
„პანდემიის გამო, 2020 წლის 8 ნოემბრიდან დაკეტილი ვიყავით. დაახლოებით ნახევარ-წლიანი იძულებითი შესვენება გვქონდა. წელს 26 მაისს გავიხსენით“, - ამის შესახებ BMG-ის მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა ზაზა გაგუამ განუცხადა.

მისი თქმით, მუშაობის აღდგენის შემდეგ, კანიონებს იმაზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე ადმინისტრაცია ელოდა. ამ მხრივ, დატვირთულობის ეს მაჩვენებელი 2019 წლისას დაახლოებით 55-60%-ით უტოლდება.

„დღევანდელი მდგომარეობით, სტუმრების 20-25% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი - ტურისტი. ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვსტუმრობენ: უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი. ასევე, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს არაბეთის ქვეყნებიდან, ძირითადად, საუდის არაბეთიდან და გაერთიანებული ემირატებიდანაც. ისრაელიდანაც არც თუ ისე ცოტა ტურისტი მივიღეთ“, - განაცხადა ზაზა გაგუამ.

მისივე თქმით, 2019 წელს ვიზიტორების 40% ქართველი იყო, დანარჩენი კი - უცხოელი. ოკაცესა და მარტვილის კანიონებსა და ჩანჩქერზე ქართველ დამსვენებელს დიდი რაოდენობით ტრადიციულად აგვისტოდან ელიან.

„ზოგადად, პანდემიამდე ვიზიტორებს წელიწადის ნებისმიერ დროს ვიღებდით. უბრალოდ პანდემიის გამო, შარშან ნოემბერში ჩაკეტვა მოგვიწია. თუ წელსაც იძულებითი ჩაკეტვა არ მოგვიწევს, ვიზიტორებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მივიღებთ. ზოგადად, ყველაზე დატვირთული და აქტიური სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა. ვცდილობთ, მომხმარებლებს ყოველწლიურად ახალი ატრაქციები შევთავაზოთ. პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ მალე მომხმარებლებს მაინც შევთავაზებთ ზიპლაინებს, დაკიდულ ხიდებს და ა.შ. ამას ვაკეთებთ დამსვენებლების მეტი მოტივაციისთვის, რომ უფრო დიდხანს დარჩნენ აქ, საოჯახო სასტუმროებში და ჩვენც ვცდილობთ, ადგილობრივად სხვადასხვა სერვისი შევთავაზოთ, მათ შორის, ცხენით გასეირნება და ა.შ.“, - განაცხადა გაგუამ.

ოკაცეს და მარტვილის კანიონებში ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის შემოსვლის განსხვავებული ტარიფებია. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, წელსაც სერვისები ღირებულება უცვლელად რჩება: კანიონებში შესვლა ქართველებისთვის ღირს 9 ლარი, ნავით გასეირნება - 15 ლარი. უცხოელებისთვის ეს ღირებულება - 17 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები