მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მართვის იმ მოდელით, რომელიც გვაქვს, FDI-ს ზრდას არ უნდა ველოდოთ"

5c923deb4ab4a
ლევან თაღიაშვილი
20.03.19 20:32
574
ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, მართვის იმ მოდელის მიხედვით, რომელიც საქართველოს აქვს, უცხოური ინვესტიციების ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

ამის შესახებ ბედინეიშვილმა "საქმის კურსში" 2018 წელს შემცირებული FDI-ისა და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე საუბრისას განაცხადა.

ბედინეიშვილის შეფასებით, საქართველოს ცუდი საინვესტიციო გარემო აქვს და შესაბამისად, ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადება სარისკო გახდა როგორც - უცხოელი, ასევე ქართველი ინვესტორისთვის.

„მართვის იმ მოდელში, რომელიც ჩვენ გვაქვს, გარედან ინვესტიციების ზრდას არ უნდა ველოდოთ; პირიქით, უცხოური ინვესტიციები ყოველთვის შემცირდება იმიტომ, რომ ძალიან არაგამჭვირვალე, ცუდი საინვესტიციო გარემო გვაქვს. უცხოელისთვის ან თუნდაც ქართველისთვის ქართულ ეკონომიკაში ფულის ჩადება სარისკოდ გამოიყურება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

არსებული მონაცემით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-წლიან მინიმუმზე ფიქსირდება. აღნიშნულ მაჩვენებელზე დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლოს 2013 წელს დაფიქსირდა და 1 020.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

საქსტატი და ასევე, საქართველოს მთავრობა 2018 წელს FDI-ის შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის ასახელებს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რამდენიმე საწარმოს გადასვლას საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვა). 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები