მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მართვის მოწმობის გამოცდის ფასი იზრდება

5cf7bea3c8c82
თათია ჩაფიჩაძე
05.06.19 17:15
18103
მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ძვირდება.

კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჯამური ღირებულება 150 ლარით განისაზღვრება, ნაცვლად დღეს არსებული 98 ლარისა.

პროექტის თანახმად, თეორიული გამოცდის ღირებულება 20 ლარი იქნება. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი კი, ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, რომლის ფასიც 40 ლარია. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარებისთვის კი, მსურველებს 90 ლარის გადახდა მოუწევთ.

ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.

„სააგენტოს მხრიდან რა სამუშაოც იყო ჩასატარებელი ყველაფერი დასრულებულია და ახლა ველოდებით პარლამენტს. პარლამენტი განიხილავს და შემდეგ უკვე შევა ძალაში. ზუსტ თარიღთან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

რეალურ მოძრაობაში გამოცდების ჩატარება პირველ ეტაპზე 8 ქალაქში იქნება შესაძლებელი, ესენია: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ხოლო ზუგდიდი და ფოთი ამ ჩამონათვალს მოგვიანებით შეემატება.

რაც შეეხება ფასებს, კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციით, 20 ლარი იქნება თეორიული გამოცდა, 40 ლარი - მოედანზე გამოსვლა, ხოლო 90 ლარი რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება. ასევე ცვლილებაა ის, რომ ავტომატიკის და მექანიკის გამოცდების ჩაბარების ღირებულება ერთიდაიგივე ფასით იქნება განსაზღვრული“, -უთხრა BM.GE-ის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ იმედა მაკასარაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ამჟამად ავტომატიკაზე გამოცდის ჩაბარების ღირებულება B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვუს (თეორია 57, პრაქტიკა 41) 98 ლარია. მექანიკის შემთხვევაში კი, პრაქტიკული ნაწილი უფასოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები