მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარუსია" აეროპორტთან 2 საწარმოს აშენებას გეგმავს

5a2134d785d1f
სალომე მეცხვარიშვილი
01.12.17 15:00
2259
"შატო მუხრანისა" და ჩიფსი "ფრიქსის" მწარმოებელი აეროპორტთან 2 ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. კომპანია "მარუსია" კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ აპირებს, ჩიფსებისა და ფარმაცევტული საწარმოს, ასევე შესაბამისი საწყობების ამოქმედებას.

"შეიქმნება 2 ჰა-ზე დიდ ტერიტორიაზე ერთიანი საწრამოო სივრცე, რომელშიც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა საწარმოო ტიპები. დაწყებული ქართული ჩიფსის წარმოებით დამთავრებული ფარმაცევტული საწარმოთი. ასევე ერთიანი საოფისე სივრცე რაც უფრო მეტად გაამარიტვებს და ეფექტურს გახდის ზემოაღნიშნული ბიზნესების მართვას. ასევე დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნება მწვანე საფარი/გამწვანება და დამატებით მოეწყობა გამწვანებული სივრცე რომელიც როგორც კერძო ასევე საჯარო ინტერესებისთვისაც სასარგებლო იქნება",- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

პროექტი 5575.0 კვ.მ-ის ფართობზე კახეთის გზატკეცილზე უნდა განხორციელდეს.

კომპანია "მარუსია" დაკავშირებულია შვედ ბიზნესმენთან ჟან ფრედერიკ პოლსენთან, რომელიც "შატო მუხრანის" ერთ-ერთი მთავარი აქციონერია, ის ასევე ფლობს კომპანია "ველინგტონს", რომელიც ჩიფსს - "ფრიქსი" აწარმოებს. კომპანიის დირექტორის პოსტს ჟან ფრედერიკ პოლსენის მამა იკავებს. 

საჯარო რეესტრის მიხედვით, სს "მარუსიას" მართვაში ჩართულები არიან:

• დირექტორი - ფრედერიკ დაგ არფსტ პოლსენ, შვედეთი;
• დირექტორი - პიტერ ჰარი კარსტენსენი, გერმანია;
• დირექტორი - ერიკ ჩარლზ ტერნერი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
• დირექტორი - ჟაკ მარი ფლერი, საფრანგეთი;
• აღმასრულებელი ოფიცერი - დანიელ პეტერ სვეტიჩინი, შვედეთი.

აღსანიშნავია, რომ ჟან ფრედერიკ პოლსენი გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში მის მრჩევლად დაინიშნა. საქმის კურსმა პროექტის დეტალებთან დაკავშირებით მის წარმომადგენლებთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ამ ეტაპზე ჟან ფრედერიკ პოლსენმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები