საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია Masdar-ის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდნენ.
კომპანიამ 96 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური უნდა ააშენოს საქართველოში. პროექტზე შეთანხმება ჯერ კიდევ 2021 წელს შედგა, თუმცა ამ დრომდე როგორც ცნობილია, სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ვკითხეთ როდის დაიწყება სადგურის მშენებლობის პროცესი. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
"ენერგეტიკის განვითარების ფონდთან პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საქართველოში პირველი, ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობას, მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, პროექტის ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებები განიხილეს, ასევე შეაფასეს ერთობლივი ერთობლივი პროექტის განვითარების პროგრესი და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საპროექტო არეალში არსებულ ინფრასტრუქტურის მფლობელ ისეთ ენერგეტიკულ კომპანიებთან, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს მელიორაცია, ენერგო - პრო ჯორჯია, ბიპი საქართველო", - წერია ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის 2021 წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებაზე. შეთანხმების ხელმოწერას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი და საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მაშინდელი მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.
ვრცლად ამ თემაზე ნახეთ ბმულზე