პლანეტის უმდიდრესმა მეწარმემ, ილონ მასკმა აშშ-ის ეკონომიკურ მომავალთან დაკავშირებით მორიგი საგანგაშო პროგნოზი გააკეთა. მილიარდერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალის კატასტროფული ზრდის გამო, ამერიკა „1,000%-ით გაკოტრდება“, თუ ხელოვნური ინტელექტი და რობოტიზაცია ეკონომიკას დროულად არ გადაარჩენს.
მასკის თქმით, ტრადიციული ფისკალური ინსტრუმენტები ვეღარ შეძლებენ 38.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის დავალიანების გადაფარვას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მთავრობა ყოველწიურად უფრო მეტ ვალს იღებს და ბიუჯეტზე საპროცენტო ზეწოლას ზრდის.
მასკმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე დახარჯული წლიური პროცენტი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, რაც უკვე მეტია აშშ-ის მთლიან სამხედრო ბიუჯეტზე და ეს საგანგაშო მაჩვენებელია.
მისი ხედვით, ერთადერთი გამოსავალი პროდუქტიულობის „აფეთქებაა“, რასაც მხოლოდ მასშტაბური ავტომატიზაცია უზრუნველყოფს. მასკი მიიჩნევს, რომ AI-ს და რობოტებს შეუძლიათ საქონლისა და მომსახურების წარმოება ისე გაზარდონ, რომ ეკონომიკურმა ზრდამ ვალის დაგროვების ტემპს გაუსწროს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტში, ანუ DOGE-ში მისი მუშაობის მიზანი სწორედ დროის მოგება იყო, რათა ვალის დაგროვება შენელდეს და ტექნოლოგიურმა ნახტომმა ქვეყანა ფინანსური კოლაფსისგან იხსნას.




























