მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი და დუროვი მორიგდნენ — Telegram-ში GrokAI ჩაშენდება

მასკი და დუროვი

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საინტერესო გარიგება შედგა. ილონ მასკი და პაველ დუროვი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის, xAI-ის მიერ შექმნილი ჩატბოტი Grok AI რუსი ანტრეპრენიორის საკომუნიკაციო პლატფორმის, Telegram-ის სრულ სპექტრში ჩაშენდება.

თავდაპირველად, მხარეები ერთწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ წარმატების შემთხვევაში, პარტნიორობა, სავარაუდოდ, გაღრმავდება. Telegram-ში Grok AI-ის ინტეგრირების სანაცვლოდ დუროვის კომპანია მიიღებს, როგორც $300 მილიონს ნაღდი ფულის სახით, xAI-ის მცირე წილს და Telegram-ში xAI-ის გამოწერით მიღებული შემოსავლის ნახევარს.

კონკრეტულად რა ფუნქციებს შეასრულებს ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი Telegram-ის ეკოსისტემაში, სრულად, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ თავდაპირველ ფუნქციონალს შორის ვხვდებით, როგორც ტექსტის რედაქტირებას, ასევე ჩატების და დოკუმენტების შეჯამებას, შემომავალი წერილების მენეჯმენტს და ჯგუფების მოდერაციას.

თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დადებითად შეხვდნენ Telegram-თან დაკავშირებული კრიპტოვალუტის, Toncoin-ის ინვესტორები, რადგან ციფრული აქტივის ღირებულება 20%-ით გაიზარდა. მას შემდეგ, ფასი მცირედით დაკორექტირდა და ახლა Toncoin-ის ფასი $3.3-ის ფარგლებში მერყეობს, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია კი $8.3 მილიარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები