მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი პოლიტიკაში ბრუნდება? - რას წერს The Wall Street Journal-ი მილიარდერზე?

დონალდ ტრამპი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ემზადება.

როგორც გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მოკავშირე და ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამჯერად პროცესებში პირდაპირ ჩართვას აღარ აპირებს და რესპუბლიკურ პარტიას დახმარებას საინფორმაციო და ფინანსური თვალსაზრისით გაუწევს.

სანდრო წყაროზე დაყრდნობით WSJ წერს, რომ მასკის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტრამპის პარტიის რამდენიმე გავლენიან ფიგურას, რომლებთან ერთადაც განიხილეს, თუ რა მეთოდებით შეიძლება მოახლოებული 2027 წლის შუალედური არჩევნების მოგება.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის ტრამპის მიერ, დაპირების მიუხედავად, აქცენტის საგარეო პოლიტიკაზე აქტიურად გადატანამ, სავაჭრო ომების დაწყებამ, ხოლო ქვეყნის შიგნით ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის ხისტმა გატარებამ რესპუბლიკურ პარტიაში დაპირისპირება შეიტანა. ამასთან, მკვეთრად დაეცა პრეზიდენტის რეიტინგიც, რაც აჩენს საფრთხეს, რომ მომავალ შუალედურ არჩევნებში კონგრესში დემოკრატები უმრავლესობის მოპოვებას მოახერხებენ და ტრამპს ძალაუფლებას შეუზღუდავენ. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და სოციალურ პლატფორმა X-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი თავისი რესურსების ჩადებას სწორედ ამ რისკის აღკვეთის მიზნით აპირებს. შეგახსენებთ, მასკის კომპანიებთან, მათ შორის, კოსმოსურ სტარტაპ SpaceX-თან NASA-მ არაერთი კონტრაქტი გასული წლის მიწურულს გააფორმა. შესაბამისად, მილიარდერი შესაძლოა პირადი ეკონომიკური ინტერესების დაცვასაც ცდილობდეს.

აღსანიშნავია, რომ WSJ-ის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე მასკმა სენატორობის რესპუბლიკელი კანდიდატის, ნეით მორისის კამპანიას $10 მილიონი დოლარი შესწირა. ეს კი პოლიტიკური მიმომხილველების შეფასებით, მტკიცებულებაა იმის, რომ მილიარდერი პროცესებში ხელახლა ბრუნდება. The Wall Street Journal-ი წერს იმასაც, რომ მასკს პოლიტიკაში მობრუნება და რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობის შენარჩუნებაში დახმარება პირადად მისმა ძველმა მეგობარმა, ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სთხოვა.

ცნობისთვის, მასკი პოლიტიკაში აქტიურად პირველად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოჩნდა, როცა მხარი დონალდ ტრამპს ოფიციალურად დაუჭირა და მის კამპანიას $300 მილიონი შესწირა. საპრეზიდენტო რბოლის პერიოდში ის აქტიურად ესწრებოდა კანდიდატ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისაკენ აქტიურად მოუწოდებდა. რესპუბლიკური პარტიის გამარჯვებიდან მალევე მასკისთვის ტრამპმა სპეციალური უწყებაც შექმნა, თუმცა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი მან მაისის თვეში დატოვა და განაცხადა, რომ ბიზნესს უბრუნდებოდა. პოლიტიკაში გამოჩენამ მასკის კომპანიებზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია. მაგალითისთვის, ევროპაში Tesla-ს ელექტრომობილების ყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და მას ისტორიაში პირველად გადაასწრო ჩინურმა BYD-მ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები