ილონ მასკის ქონების შეფასებამ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და $600 მილიარდს გადააჭარბა. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ $500 მილიარდს სულ ორი თვის წინ, ოქტომბერში გადააბიჯა. თუმცა ვიდრე იქნებოდა ვარსკვლავური ზრდა, იყო დიდი გზა, რომელიც მასკმა განვლო და რომელიც ერთი კომპიუტერული თამაშის შექმნითა და გაყიდვით დაიწყო.
ილონ მასკის გამდიდრება სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში დაიწყო. იქ, სადაც დაიბადა და ბავშვობის წლებიც გაატარა. თუმცა, ვიდრე იქნებოდა საკუთარი შრომით გამომუშავებული პირველი დოლარები, იყო პროგრამირების სწავლა. 1981 წელს, 10 წლის ასაკში მასკი სწორედ ამ მიმართულების შემსწავლელ კურსებზე შეიყვანეს. 2 წელიწადში კი თავისი პირველი თამაში, Blastar-ი დაწერა. თამაში, რომელიც დღეს, ალბათ, მხოლოდ ვინტაჟური ე.წ. გეიმინგ ინდუსტრიის მოყვარულს თუ მიიზიდავს. და მაინც, ის რაც 12 წლის მასკმა შექმნა, გაიყიდა, თანაც 500 დოლარად. არცთუ გასაკვირად, მოზარდობის ასაკში საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხა დიდ ხანს ვერ შეინახა და არც სადმე დაუბანდებია, როგორც ამას ძალიან მალე, ძალიან ბევრჯერ ვახსენებთ. თუმცა, ვიდრე 500 დოლარიდან $500 მილიარდამდე მივიდოდა, ინჟინერიით დაინტერესებულმა მოზარდმა ქვეყანა დატოვა და 17 წლის ასაკში საცხოვრებლად კანადაში გადავიდა.
სხვა მიზეზებთან ერთად ალბათ იმიტომაც, რომ კანადაში 1,000 დოლარზე მეტის ქონება არ დაუგროვებია, 90-იანი წლების დასაწყისში შტატებს მიაშურა და 1992-1994 წლებში პენსილვანიის უნივერსიტეტში ეკონომიკა და ფიზიკა შეისწავლა. მასკის ნამდვილი გამდიდრების ისტორია სწორედ აქ იწყება. უმაღლესი სასწავლებლის დასრულებიდან მალევე, 1995 წელს მან ძმასთან, კიმბალ მასკთან და გრეგ კურისთან ერთად ქალაქის ციფრული გიდი, Zip2 დააფუძნა. ამ დროს ის არაფერს ფლობდა, თუმცა 2 წლის თავზე, 1998 წელს კომპანიის კაპიტალიზაციამ $10 მილიონს მიაღწია, მასკის აქციები კი კომპანიაში $1 მილიონს შეადგენდა. ახლად დაბადებული მილიონერი სულ რაღაც ერთ წელიწადში მულტიმილიონერი გახდა. 1993 წელს 3 ადამიანის მიერ წამოწყებული პროექტი Compaq-მა ჯამურად 341 მილიონ დოლარად შეიძინა. მასკს ქეშად $22 მილიონი ერგო. ამასთან, მან ტექნოლოგიური კომპანიის აქციების 7%-იც მიიღო. სხვათა შორის, 25 წელიწადში მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად სწორედ აქციები აქცევს და არა ქეში, რომელიც მაშინ ასეთი მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
Zip2-დან გამომუშავებული თანხის უდიდესი ნაწილით, $20 მილიონით ილონ მასკმა X.com დააფუძნა. ფინანსური მომსახურების ონლაინ პლატფორმა, რომელიც მალევე გახდა პოპულარული, თანაც იმდენად, რომ 2000 წელს მეორე და არანაკლებ მოთხოვნად კომპანია PayPal-თან გაერთიანდა და $100 მილიონით კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა. გარკვეული პერიოდი ის PayPal-ის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. მასკისთვის ფინანსური სექტორის საგა 2002 წელს დასრულდა. მაშინ, როცა PayPal-ი eBay-მ $1.5 მილიარდად შეიძინა. ასე გახდა 31 წლის შტატებში ემიგრირებული ბიჭი $180 მილიონიანი ქონების მფლობელი.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ PayPal-ის გაყიდვა მასკისთვის საეტაპო მოვლენა იყო. მიღებული $180 მილიონიდან $100-ით მან თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპანია, SpaceX-ი დააფუძნა. ის SpaceX-ი, დღეს მხოლოდ ერთი Starship-ის გაშვებაზე რომ ხარჯავს თითქმის $100 მილიონს. პირადი ქონებიდან მორჩენილი $80 მილიონიდან $70 მასკმა მეორე ეპოქალურ კომპანია Tesla-ში ჩადო. ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრომობილების მომავალი გიგანტი მას არ დაუფუძნებია. უბრალოდ, მან დაინახა, საით მიდიოდა სამყარო და დაიჭირა კიდეც წამი. მასკმა PayPal-იდან მიღებული თანხა, ფაქტობრივად, სრულად დააბანდა. ბოლო გაჩერება მწვანე ენერგიის კომპანია SolarCity იყო, რომელშიც უკანასკნელი $10 მილიონიც ჩადო. ჩადო და 2008 წელს, როგორც ბიზნესმენი კინაღამ გაკოტრდა. გაკოტრების პირას კი ის Tesla-ს ელექტრომობილების არამოთხოვნადობამ, SpaceX-ის რაკეტების წარუმატებლობამ და გლობალურმა კრიზისმა ერთიანად მიიყვანეს.
და მაინც, მასკი გადარჩა. 2009 წელს ჯერ NASA-მ გადაარჩინა, როცა კომპანიაში პერსპექტივა დაინახა და კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ 2010 წელს იხსნა Tesla-ს საფონდო ბირჟაზე დალისტვამ და პირველი მილიარდის შოვნამ. 2008 წლის გაკოტრების საფრთხიდან 2 წელიწადში მასკის სტრატეგიულმა გათვლებმა ნაყოფი გამოიღო და 2010 წლის მიწურულისთვის მასკის ქონება $1.7 მილიარდს გასცდა. 4 წელიწადში tesla-ს ავტოპილოტის დაანონსების ფონზე მასკის ქონება $10 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა 2020 წლამდე მასკს მნიშვნელოვანი ზრდა მეტად აღარ ჰქონია. მომდევნო და საეტაპო წელი ბიზნესმენისთვის პანდემიის პერიოდში დადგა, როცა წლის ბოლოს Tesla-ს შეფასება წლიურ ჭრილში $50 მილიარდით გაიზარდა. ასე და ამგვარად, 2021 წლის იანვარში მასკი პირველად გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, 10 თვეში კი პირველი, ვისი ქონების შეფასებამაც $300 მილიონს მიაღწია. მართალია მისი ეს მიღწევა 2022 წელს სრულად გაქარწყლდა, როცა $120 მილიარდი დაკარგა, თუმცა 2023 წელს პოზიციები აღიდგინა და 2024 წელს $400-მილიარდიანი ნიშნული პირველმა გადაკვეთა.
ახლა კი ყველაზე მთავარი - სამხრეთ აფრიკის პრეტორიაში დაბადებული ბიჭი, რომელსაც პირველი $500 დოლარი 12 წლის საკუთარმა თამაშმა გამოამუშავებინა, მსოფლიოს პირველ $500-მილიარდიან ბიზნესმენად Tesla-სა და SpaceX-ის აქციებმა და ხელმძღვანელობამ აქცია. ეს ამბავი სულ ახლახან, ოქტომბერში მოხდა. 76 დღის შემდეგ კი მასკი ოფიციალურად გამოცხადდა მსოფლიოში პირველ ადამიანად, რომლის ქონების შეფასებაც $600 მილიარდი გახდა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ წელს მასკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, SpaceX-ი ბირჟაზე დაილისტება და თუ Bloomberg-საც დავუჯერებთ, მილიარდერი ბიზნესმენი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება.




























