მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა.
ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ. დასავლური მედიის ცნობით, შეიხ ჰასინამ ბანგლადეში დატოვა და, ის სამხედრო შვეულმფრენით ინდოეთში გაიქცა.
ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.
სატელევიზიო მიმართვის დროს ბანგლადეშის სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, მოჰამედ შაჰაბუდინს შეხვდება და საუბარი პრობლემის გადაწყვეტას შეეხება.
ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ უკვე ესაუბრა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
ბანგლადეშში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო საჯარო სამსახურში კვოტების დაწესების შემდეგ. მთავრობის ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობამ ადგილები თავისი მომხრეების სასარგებლოდ გაანაწილა. ახალი ნორმის უზენაესი სასამართლოს მიერ შეზღუდვის მიუხედავად, არ შეწყდა საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია პოლიციის ძალადობისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.
4 აგვისტოს საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 13 პოლიციელია. ეს ბოლო 50 წელიწადში ყველაზე დიდი არეულობაა ბანგლადეშში.