Massive Attack-ის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება. ბილეთები 6 საფასო კატეგორიაში გაიყიდება და მათი ღირებულება, კატეგორიის მიხედვით, 125 ლარიდან იწყება და 375 ლარამდეა.
ბილეთების გაყიდვა 25 აპრილს, 16:30 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება, თუმცა Starring Card-ის მფლობელები მის შეძენას 14:00 საათიდან შეძლებენ“ - ნათქვამია Black Sea Arena-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ფასდაკლებებიც იმოქმედებს:
-30% Star Ring კატეგორიის ბილეთებზე Starring Card-ით გადახდისას;
-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;
-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;
-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;
-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.
ცნობისთვის, თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება.
მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს:
10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena)
31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena)
28 ივლისი - Massive Attack (Black Sea Arena)
18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage)
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ და მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კამპანია Starring Georgia 2023 წელს დააანონსა და წამოიწყო, რა დროსაც 3 ლოკაციაზე 6 კონცერტი დაიგეგმა, აქედან 5-6 აგვისტოს დაგეგმილი Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ვერ შედგა.
სახელმწიფო სუბსიდირებით დაგეგმილ კამპანია Starring Georgia-ზე 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ გასულ წელს კონცერტებიდან სახელმწიფო 100 მლნ ლარზე მეტის შემოსავალს ელოდა.