მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის დაკნინების მცდელობა მიზანმიმართულად მიმდინარეობს - სამინისტრო

განათლება
22.06.24 08:55
435

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის დაკნინების მცდელობა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

"მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის დაზიანებისა და სახელფასო რეფორმის დაკნინების მცდელობა სხვადასხვა პირის, ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მედიასაშუალების მხრიდან.
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია თითქოს მასწავლებლებს ხელფასი აკლდებათ და წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხარჯზე ხდება უფროსი პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდა.

სამინისტროს მხრიდან მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ პედაგოგთა კორპუსის 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით ეზრდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებლების 70%-ს ხელფასი 500, 600, 700, 800 ლარით გაეზრდებათ; მასწავლებელთა 25%-ის შემთხვევაში ზრდა იქნება 300-400 ლარი; არც ერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და 5%-ს ხელფასი მინიმუმ 200 ლარით გაეზრდება.

მიუხედავად აქამდე გაკეთებული განმარტებებისა და მასწავლებლებთან არაერთი შეხვედრისა, მასწავლებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ მენტორი და წამყვანი მასწავლებლების ხელფასის მატების სიმულაციებს, სადაც მოცემულია განსხვავება ძველ და ახალ ანაზღაურებას შორის.

მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფართო საზოგადოების ჩართულობით, კვლევების შედეგებისა და ათასობით პედაგოგთან შეხვედრის საფუძველზე და ის ემსახურება როგორც მასწავლებელთა კორპუსის საუკეთესო ინტერესებს, ისე განათლების ხარისხის ზრდას.

ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები