მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 3 აპრილის 10:00 საათიდან 15 აპრილის 18:00 საათამდე. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
"ყველა მსურველს უფლება აქვს, აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის ან/და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.
წელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის). ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ: 2024 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე, შესაბამის საგანზე (სომხური/აზერბაიჯანული ენა), პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით რეგისტრაციის უფლება აქვთ მხოლოდ აზერბაიჯანული და სომხური ენების პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, აგრეთვე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლიათ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს", - წერს NAEC-ი.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.