მასწავლებლის ეროვნული პრემიის სარეკლამო კამპანიაზე 187 000 ლარი დაიხარჯება. როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სარეკლამო კამპანია სხვადასხვა ტიპის სარეკლამო მასალის მომზადებას, განთავსებასა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიის პირველ ეტაპზე საჭიროა ვიდეორგოლების დამზადება, რომელიც მოიცავს:
- 2023 წელს ჩატარებული ყველა აქტივობის ამსახველი მოკლე ვიდეო რგოლი (არსებული ვიდეო მასალის გამოყენებით უნდა დამზადდეს 2-წუთიანი შემაჯამებელი ვიდეორგოლი, რომელიც განთავსდება სოციალურ ქსელებში და ასევე ნაჩვენები იქნება 2024 წლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე);
- 20 ვიდეო პორტრეტი მასწავლებლების მონაწილეობით - პროფესია მასწავლებელი (2-3 წუთიანი ვიდეო რგოლები, სოციალურ ქსელებში განსათავსებლად);
- 2024 წლის პრემიის მზადების პროცესის ამსახველი მასალა - 5 „რილსი“ (ძირითადად ჟიურის მუშაობის პროცესი და უშუალოდ ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები);
- 2024 წლის პრემიის მზადების პროცესის ამსახველი მასალა - 3 ვიდეორგოლი (1 წუთიანი) მასშტაბური შეხვედრები რეგიონებში, 2023 წლის გამარჯვებული მასწავლებლების მონაწილეობით;
- 2024 წლის შემაჯამებელი ვიდეორგოლი (გამოქვეყნდება 13 სექტემბრის შემდეგ, უნდა მოიცავდეს პროცესის ამსახველ მასალას და ასევე უშუალოდ პრემიის გადაცემის ცერემონიის კადრებს);
შესყიდვის წერილში აღნიშნულია, რომ სარეკლამო ვიდეოს დამზადებისთვის ყველა პირობებს აკმაყოფილებს შპს "პრაიმ შოუ სტუდიას" მიერ მოწოდებული შემოთავაზება და ხარჯთაღრიცხვა სრულად აკმაყოფილებს სამინისტროს მოთხოვნებს.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოება 27 ოქტომბერს გაიმართება.