მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მასწავლებელთა განვითარების სქემა არაა სადამსჯელო სისტემა, ეს განვითარებაზე ორიენტირებული სისტემაა"

578a25e742cb2
BM.GE
16.07.16 16:15
5354
განათლების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემიდან ვიდეო გაკვეთილების კომპონენტის ვალდებულება გააუქმა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ვიდეო გაკვეთილები სხვა ალტერნატივით ჩანაცვლდება. როგორ უნდა მოხდეს მასწავლებელტა გადამზადება რა ცვლილებები შევა სისტემაში, - თემაზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ისაუბრა.

-ქალბატონო ლია, ყოფილმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ვიდეო გაკვეთილების გაუქმება გამოსავალი არ არის, მისი აზრით მთავარი ტრენინგების გააქტიურებაა. რას უპასუხებდით მას?

- სქემის მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული მაღლი სტანდარტების, მაღალი ხარისხის განათლების სტიმულირება. საგანმანათლებლო პროცესში მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აკისრია და ეს სქემა სწორედ ის სისტემაა, რომელიც არა სკლიდან, არამედ მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადებიდან იწყება იმისათვის, რომ იგი მასწავლებელი გახდეს. სქემის მეორე ნაწილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი მოტივაციის ამაღლებაა, რომ რაც შეიძლება უკეთესი და მაღალი ხარისხის განათლება მისცენ მოსწავლეებს. მინდა, ამ ფრაგმენტულ განცხადებებს წერტილი დაესვას, რომ თითქოს ეს სადამსჯელო სისტემაა. სინამდვილეში ეს განვითარებაზე ორიენტირებული სისტემაა.

შეფასების სისტემაზე დაფუძნებით, ყველა მასწავლებელმა უნდა მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, რომ მასწავლებლის პროფესიული შესაძლებლობები უფრო მეტად განვითარდეს. ის, რომ მასწავლებლის შეფასება ხდება კი არ გამორიცხავს მასწავლებლის პროფესიულ გადამზადებას, როგორც ეს დიმიტრი შაშკინმა ბრძანა, არამედ პირიქით, ტრენინგების ეფექტურობას, მიზნობრიობას უწყობს ხელს. შეფასების სისტემას რაც შეეხება, ორი ფორმით ხდება ეს არის შიდა და გარე შეფასება. სწორედ გარე შეფასების კომპონენტში პირველი საგანში გამოცდა გახლავთ. მეორე ნაწილი არის გარე დაკვირვების კომპონენტი, რომელიც აქამდე არსებულ მოდელში გათვლილი იყო, როგორც მხოლოდ ვიდეო დაკვირვება.

- რამდენად მოგწონთ აღნიშნული სქემა და ფიქრობთ თუ არა, რომ მასში რაიმე ხარვეზი არის და რომელი ქვეყნის მაგალითით ვხელმძღვანელობთ?

- ჩვენ 30 ქვეყნის პროფესიული განვითარების სქემა განვიხილეთ, საბოლოოდ აქედან 7 დარჩა და ჩვენ არ გადმოგვიტანია, არამედ სწორედ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული სქემა შევქმენით. 2015-2016 წელი პილოტირების იყო, წინმსწრებად განვსაზღვრეთ რა რისკები შეიძლება ყოფილიყო, თუმცა პრაქტიკაში დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ძალიან ბევრი კვლევა და შეფასება დაემატა, ასევე მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრმა სულ ახლახან დაასრულა შიდა განხილვისთვის გამიზნული კვლევა, ეს გახლავთ მასწავლებელთა დამოკიდებულებების კვლევა და ამ შეფასების მთელი მასალა შეჯერდა, დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია და ჩვენ ის ცვლილებები, რაც უნდა შევიდეს სქემაში უკვე განვსაზღვრეთ. გამოკითხეთ მასწავლებლები, ფოკუს ჯგუფებში ვიმუშავეთ. რეგიონებში დავდიოდით, მასწავლებლებს ვხვდებოდით და დაგროვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე სქემაში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა.

- ვიდეო გაკვეთილები რითი უნდა ჩანაცვლდეს?

- ეს ცვლილებები კომპლექსურია და სხვადასხვა მიმართულების არის, დაწყებული თვითშეფასების კითხვარიდან, ასევე საკიტხი მოიცავს მასწავლებლებისათვის უფრო მეტი თავისუფლების მიცემას. სქემა უფრო მოქნილი გახდება. ყველა პრეტენზია, რაც მასწავლებლების მხრიდან იყო წარმოდგენილი, განვიხილეთ და ამაზე უკვე რეაგირება გვაქვს მიღებული და ერთ-ერთი რეაგირება სწორედ ის გახლავთ, რომ მასწავლებლები გარე შეფასების კომპონენტში თავისუფლებას ითხოვდნენ. ვიდეო გაკვეთილები პილოტირების რეჟიმში იყო და მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს პოზიტიური შეფასება ჰქონდა, გარკვეული ნაწილი კი შიშს გამოხატავდა, რომ შესაძლოა ამ ვიდეო გადაღების პროცესში მათი შესაძლებლობები მთლიანად არ ყოფილიყო წარმოჩენილი, ამიტომ თხოვნა იმის შესახებ, რომ ალტერნატივა გაუჩნდეს ვიდეო გადაღებას, როდესაც გარე დაკვირვება ხდება, აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო. მასწავლებლების თხოვნა გავითვალისწინოთ, მეტი თავისუფლება მივცეთ და თუ სურს, რომ ვიდეო გაკვეთილი გაიაროს და ვიდეო გაკვეთილი ჩაწეროს, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება.

- დღეს რამდენი მასწავლებელია სულ სერტიფიცირებული?

- თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლაც ხარისხიანი განათლება გვქონდეს, პირველ რიგში სისტემას და მასწავლებელს სჭირდება ნდობა და დაფასება. არ შეიძლება, რომ ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ და მუდმივად ვიძახოთ, რომ არაკვალიფიცირებული მასწავლებლები გვყავს. ჩვენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები გვყავს და მოტივირებულები, რომლებიც სულს და გულს დებენ თავიანთ საქმეში. ის, რომ ჩაბარებისას გარკვეულ ნაწილს პრობლემები ჰქონდა, პირდაპირ ექვივალენტური არ არის იმის, რომ მთლიანად დავუშვათ ფიზიკის ან ქიმიის მასწავლებლების 80% ზღვარს ვერ ლახავს. პრობლემა, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ დააკვირდით იმასაც, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილის ასაკი როგორია. მასწავლებლები, რომლებიც 70 წელს გადაცილებული არიან სტრესის ქვეშ არიან, როდესაც გამოცდაზე გადიან. ძალიან ბევრი კომპონენტია და ცალსახად საუბარი ამ თემაზე ძალიან არაკვალიფიციურია, როდესაც ერთი წინადადებით ვაფასებთ მასწავლებლების მთელ კორპუსს. აქ ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი და მსხვილი პრობლემები არსებობს, რომელიც დამუშავებულია და სქემის შემოღების ერთადერთი მიზანი ამ ხარისხის ამაღლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები