მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მათი მიზანია, რომ იმ რეგიონში არ იყოს ისრაელი და არ იყვნენ ებრაელები“ - „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი

ისრაელი

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელში შექმნილი საომარი ვითარება ტერორისტების ერთ მიზანს ემსახურება - რეგიონში არ იყოს ისრაელი და ებრაელები. ამის შესახებ მან ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმისა და მიმდინარე ომის შეფასებისას „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. 

„ყველა ისრაელში მცხოვრებისთვის, ყველა ებრაელისთვის ეს არის რთული დღეები, ყველა ფრონტის წინა ხაზზეა, ეს იქნება სახლში, კორიდორში, ქუჩაში, საზღვარზე თუ ქვეყნის გარეთ, ყველანი ვართ სამიზნე ამ ტერორისტი და ბარბაროსული ადამიანების მიერ.

რაც ხდება ყველამ იცით, ომი მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველი შეხების განხილვა რეგიონში დავიწყოთ იქიდან, რაც 2 დღის წინ მოხდა. 2 დღის წინ ბევრი წლების წინ კარგად დაგეგმილი აქციის შედეგად, ბარბაროსულად დახვრიტეს 1000-მდე ადამიანი,  2000-მდე დაშავებულია. უნდა იცოდეთ, რომ დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელიც იქნება მზად რომ დილით ადგეს და 4 ათასი რაკეტა მოიგერიოს, ეს დაუჯერებელია. მე ვხვდები საქართველოს მოქალაქეებს და კითხვა ისმის შემდეგი - რა ხდება? რა უნდათ პალესტინელებს? ათეული წლები საუბრობდნენ, რომ უნდოდათ ისრაელის ჯარი გასულიყო ღაზას სექტორიდან. 2005 წელს გავიდა ჯარი. აქვთ სახელმწიფო, ჰყავთ მთავრობა და უნდა ყოფილიყვნენ თავისთვის. ამის შემდეგ დაიწყეს ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნა, უნდოდათ რომ მოქალაქეები გადმოსულიყვნენ ისრაელში სამუშაოდ. მიუხედავად რამდენიმე ტერორისტული აქტისა, ისრაელმა მათ ამის უფლება მისცა, ისინი მუშაობდნენ ისრაელში. ისრაელი ეხმარებოდა მათ წამლებით, ჰუმანიტარული დახმარებით... და კიდევ ისმის კითხვა - რა უნდათ? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის მიზანი. მიზანია, რომ იმ რეგიონში არ იყოს ისრაელი და არ იყვნენ ებრაელები. მსოფლიომ დაინახა ეს, არც მოქალაქეებზე ფიქრობენ და არც ჰუმანიტარულ დახმარებაზე, უბრალოდ არ უნდათ, რომ ისრაელი იყოს იმ რეგიონში.

მსოფლიომ დაინახა რომ ლაპარაკია ტერორისტებზე და აუცილებელია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ჩატარება. ისრაელის ყოველი რეაქცია მხოლოდ საპასუხო მათ აქტებზე და ისრაელმა აუცილებლად უნდა დაასრულოს ეს ტერორი. ყოველი ქმედება მათი მხრიდან არის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, აქ არ არის საუბარი ტერიტორიაზე ან რამე სხვაზე, მათ არ უნდა რეგიონში ისრაელის არსებობა, ეს არის მათი პირობა და ეს უნდა გაიგოს მსოფლიომ.

მსგავსს ფართომასშტაბიან ქმედებას „ჰამასი“ დამოუკიდებლად ვერ და არ გაბედავდა ირანის და კატარის გარეშე. ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება რეგიონში ვითარება, ალბათ შესაძლებელია ჩრდილოეთშიც რამე დაიწყოს, ეს დამოკიდებულია მეორე მხარეზე. ისრაელისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა, ისრაელი პირველი დღიდან ატარებს მოლაპარაკებებს ამისთვის, მათი მიზანი მხოლოდ მშვიდობაა“, - აცხადებს მოშე.

კითხვაზე - რა გავლენა ექნება ისრაელში მიმდინარე ომს საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, იციკ მოშე პასუხობს, რომ ეკონომიკური და კულტურული კავშირები ქვეყნებს შორის გაგრძელდება.

„საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები მიმდინარეობს, ერთი არხია ისრაელიდან საქართველოში ტურიზმი, რომელიც ყოველ წელს 30%-ით იზრდება. მეორეა ეკონომიკური, კულტურული კავშირები. მე არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რაიმე გავლენა ექნება ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებს. ყველაფერი გრძელდება, ისრაელის ბიზნესი საქართველოში მუშაობს. ისრაელში დღეს ძირითადი თემაა როგორ დაიცვან საკუთარი თავი. როგორ მოუღონ ბოლო ტერორს, რაც რთულია. რთულია როდესაც ადამიანებს არ აინტერესებთ რა ხდება თავიანთი მოქალაქეების, ბავშვების თავს. ეს არ არის ბრძოლა მუსლიმების წინააღმდეგ, ისლამის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა მხოლოდ ტერორის წინააღმდეგ. ყოველთვის როცა საუბარია იმაზე თუ რა ხდება ამ რეგიონში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ ისრაელი მხოლოდ პასუხობს ბარბაროსების ქცევას.“ - განაცხადა იციკ მოშემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები