სათამაშოების მწარმოებელმა Mattel-მა წარადგინა ბარბის პირველი თოჯინა, რომელსაც ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი აქვს. ახალ თოჯინას გლუკოზის მონიტორი და ინსულინის ინიექცია მოჰყვება.
"ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბარბის თოჯინის წარმოდგენა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციისადმი ჩვენი ერთგულების დემონსტრირებაში. ბარბი ბავშვებს ადრეულ ასაკში სამყაროს აღქმის ჩამოყალიბებაში ეხმარება, დიაბეტის მსგავსი სამედიცინო მდგომარეობის ასახვით კი უზრუნველვყოფთ, რომ უფრო მეტმა ბავშვმა ამოიცნოს საკუთარი თავი ამბებში, რომლებსაც თავად წარმოიდგენენ და თოჯინებში, რომლებიც უყვართ", - განაცხადა ბარბისა და თოჯინების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტა ბერგერმა.
ბარბის დიზაინის შესაქმნელად Mattel-ი არაკომერციულ ორგანიზაცია Breakthrough T1D-სთან დაპარტნიორდა, თოჯინა ბრენდის Fashionista-ს ხაზის ქვეშ გამოდის. ამავე ხაზს დაემატება კიდევ ორი თოჯინა: ბარბი ფიტნეს ინსტრუქტორი და მოდელი ბარბი.
სათამაშო უკვე ხელმისაწვდომია Mattel-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი შეძენა $10.99-ად არის შესაძლებელი.




























