დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.
"ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.
აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და ასევე მიიღებენ საახალწლო სახელფასო დანამატს", - წერია სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს და აცნობეს, რომ 2025 წლიდან აღარ უგრძელებენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან. მათი განცხადებით, აღნიშნული სპეციალისტებისთვის ხელშეკრულების მოულოდნელი შეწყვეტა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედებას აქვს პოლიტიკურ შეხედულებით დისკრიმინაციის საფუძველი.


























