დღეს, პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც კანონის მიღებას მოჰყვება, არის მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვა უცხოეთიდან.
კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 66 პრიმა მუხლს, რაც დაფინანსების საკითხებს ეხება,შემდეგი პუნქტი დაემატება:
“აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ასევე, 65-ე მუხლს – სოციალური რეკლამის შესახებ, დაემატება პუნქტი: “დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალურ რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
კანონპროექტი უცხოურ ძალად განსაზღვრავს:
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
- ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.“
კანონპროექტის მიღების მიზეზი შემდეგნაირად არის განმარტებული:
"მიზანს წარმოადგენს მაუწყებლების მიერ უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების საკითხის მოწესრიგება. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და შეუძლია მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა, შესაბამისად, საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება. აღნიშნული უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას", - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა და მამუკა მდინარაძე.