"ხალხის ძალის" დეპუტატი, ეკა სეფაშვილი ითხოვს, მედიამ ანონიმური წყაროსგან მიღებულ ინფორმაციას დაურთოს დამადასტურებელი დოკუმენტი, ან რაიმე საბუთი. ერთპარტიული პარლამენტი დღეს კანონს II მოსმენით განიხილავს.
"მე ვფიქრობ, კარგი იქნება დაზუსტება, რომ ანონიმური წყაროსგან მიღებული ინფორმაცია, უნდა შეიცავდეს რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ რამე ხელშესახებ საბუთს, რომლითაც დადასტურდება მისი სიტყვების სიმართლე, იმიტომ, რომ ეს სხვა შემთხვევაში მიგვიყვანს გარდაუვალ დაუსრულებელ სასამართლო გარჩევებამდე. მართალია, პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება მაუწყებელი, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციაც უნდა იყოს ჯეროვნად გადამოწმებული, ეს უნდა იყოს კანონის დონეზე მოთხოვნილი, რომ უზრუნველვყოთ ამ კანონის მთავარი მიზანი, საზოგადოების ცრუ ინფორმაციისგან დაცვა. მაუწყებელს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, თქვას, რომ მე ასე მომაწოდეს ინფორმაცია და მე რა ვქნა?
თუ არის ეს გათვალისწინებული სადმე?", - ჰკითხა ეკა სეფაშვილმა არჩილ გორდულაძეს.
ანალოგიური შინაარსის კითხვა ჰქონდა "ხალხის ძალის" კიდევ ერთ დეპუტატს, სოზარ სუბარს, რომელიც როგორც დღეს, პლენარულ სესიაზე მისი გამოსვლიდან გაირკვა, არ ეთანხმება კანონის პროექტში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მედია უნდა იყოს მიუკერძოებელი. სუბარი ამბობს, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.
წყაროს გადამოწმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე კი "ქართული ოცნების" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ უპასუხა: "კანონი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, მაქსიმალური სიზუსტით არის გადმოტანილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან. რასაც თქვენ ბრძანებთ, ძალიან რელევანტური კითხვაა, მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით პროცესების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ეს ნორმა კავშირში არ არის, რადგან სასამართლოში ეს დავა არ მიმდინარეობს.
ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს კომუნიკაციების კომისიას, ან მეორე მხრივ, თვითრეგულირებას, გააჩნია ვის ენდობა. მაუწყებელს აქვს ზოგადი ვალდებულება, ფაქტი იყოს ჯეროვანი სიზუსტის და ის, რომ ანონიმური წყაროს მიერაა მიწოდებული, არ ნიშნავს, რომ ჯეროვანი სიზუსტით ავრცელებს. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია გარკვეული პერიოდი", - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, "ოცნებამ" 24 თებერვალს ორი კანონპროექტი წარადგინა - პირველი მაუწყებლებს უცხოური დაფინანსების პირდაპირ და არაპირდაპირ მიღებას უკრძალავს, მეორეს კი მაუწყებლობის სტანდარტებში ცვლილებები შეაქვს და ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების შესაძლებლობას კომუნიკაციების კომისიასაც აძლევს. აქამდე ეს მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით იყო შესაძლებელი.



























