მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს - SJC

ტელევიზია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC) შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს ძირს უთხრის.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ პირველი კანონპროექტის თანახმად, კანონს ემატება დეტალური რეგულაციები ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების და სხვა.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტში წარმოდგენილი დეტალური რეგულაციების დიდი ნაწილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან არის აღებული. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებს სწორედ ეს კოდექსი არეგულირებდა.

მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე აქამდე რეაგირებას ახორციელებდნენ მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები. კერძოდ, ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებლებში ფუნქციონირებს თვითრეგულირების შიდა ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების განხილვასა და მათზე რეაგირებას. ინიცირებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების კომისიას.

სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეეძლება საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელთა მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები - გართხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება.

SJC-ის განცხადებით, კომისიის უფლებამოსილების გაფართოება ქმნის რისკებს, რომ ეს ბერკეტები გამოყენებული იქნება კრიტიკული მედიების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით.

ანგარიშის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, წლებია, კითხვის ნიშნები არსებობს მოქმედი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და არაერთი სადავო ინიციატივის გამო, რომელიც ქვეყანაში კრიტიკული აზრის შეზღუდვისკენ არის მიმართული. მსგავსი გადაწყვეტილებების მაგალითია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, მმართველი პარტიის საჩივრების საფუძველზე, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ სამართალდარღვევის არაერთი სადავო ოქმის შედგენა და შემდგომ სასამართლოების მიერ მათი დაჯარიმება. აღსანიშნავია, ასევე, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში მოხსენიებულია იმ პირთა სიაში, რომლებზეც სანქციების დაკისრების რეკომენდაცია გაიცა, იმ დასაბუთებით, რომ ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში მოქმედ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაფართოება, მაუწყებლობის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის, ზედამხედველობისა და მაუწყებელთა სანქცირების თვალსაზრისით, წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს, რომ ეს ბერკეტები გამოყენებული იქნება ქვეყანაში მოქმედი კრიტიკული მედია საშუალებების ხმის ჩახშობისა და რეპრესიის მიზნით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამას გარდა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი პრობლემურია შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისითაც, რადგან არაერთი ბუნდოვანი დებულებაა, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის მაუწყებლების სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"მმართველი პარტიის მიერ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივები - ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ინიცირებული უკიდურესად პრობლემური შინაარსის ცვლილებები, მედია საშუალებების უფლებების შემზღუდველი რეგულაციები და მათზე კონტროლის გამკაცრება კომუნიკაციების კომისიის მეშვეობით მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს კრიტიკულ მედია საშუალებებზე ზეწოლის გაძლიერებას და ქვეყანაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი სივრცეების მაქსიმალურად ჩახშობას, მისი ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები