მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მავნებლების პრევენცია და კონტროლი - რა სერვისებს აერთიანებს ამერიკულ ბრენდ “ორკინის” ქართული ფრენჩაიზი?

ორკინი

10 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “ორკინი” გამოჩნდა, რომელმაც ამერიკულ ბრენდთან ფრენჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და 2016 წლიდან მომხმარებელს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის, სანიტარიული სამუშაოების მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის საქმიანობასა და ამერიკულ გამოცდილებაზე “საქმიანი დილას” ეთერში “ორკინი საქართველოს” თანადამფუძნებელმა, ლადო საყვარელიძემ ისაუბრა.

“10 წლის წინ ჩვენ შეხება გვქონდა მომსახურების სხვადასხვა დარგთან და სექტორთან; ვაკვირდებოდით, სად არის დანაკლისი, სად არის საჭიროება და მივაგენით ამ დარგს, რომელიც შევისწავლეთ 2015 წელს კი კომპანია დავაფუძნეთ. დაფუძნებისთანავე გავაფორმეთ ფრენჩაიზის ხელშეკრულება და უკვე აი, ამ ამერიკულ ბრენდთან - “ორკინი” - თითქმის 10 წელია, რაც ვსაქმიანობთ.

[გუნდში] 85-ნი ვართ, დავიწყეთ 3-4-მა ადამიანმა, დამფუძნებლების ჩათვლით და დღემდე თვითონაც თანამშრომლები ვართ სრულ განაკვეთზე. ჩვენი საქმიანობაა მავნებლების პრევენცია, კონტროლი. ჰიგიენა-სანიტარიის დარგში ამას ეძახიან დერატიზაციას, ანუ მღრღნელის გაუვნებლება, დეზინსექცია - მწერის გაუვნებლება, დეზინფექცია - ზედაპირიდან მავნე ბაქტერიების, ანუ პათოგენების გაუვნებლება და სხვა სანიტარიული და ტექნიკური მომსახურება, რომლითაც დაკავშირებული ჩვენ ძირითად საქმიანობასთან”, - აღნიშნა ლადო საყვარელიძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს “ორკინ საქართველოსთვის” ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობა და რა ტიპის მხარდაჭერას იღებს ის “ორკინისგან”, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საუბარია ასწლოვან გამოცდილებასა და ცოდნაზე, რომელიც თანამედროვე საქართველოში თითქმის არ არსებობდა.

“ეს ძალიან სპეციფიკური შემთხვევაა, როდესაც უშუალოდ მომსახურების დარგში გაქვს ფრენჩაიზი, განსხვავებით დავუშვათ სწრაფი კვების ან სასტუმროს დარგისა, სადაც ფრენჩაიზი უშუალოდ პროდუქტშია წარმოდგენილი. ჩვენთვის ფრენჩაიზი ნიშნავს ასზე მეტი წელიწადის გამოცდილების, დაგროვილი ცოდნის და ტექნოლოგიის გაზიარებას. ჩვენს დარგში აუცილებელია გარკვეულწილად ზოოლოგიის, ენტომოლოგიის ცოდნა, რომელიც ზოოლოგიის განხრაა, არის და მწერის ქცევას და ბიოლოგიას შეისწავლის. ცოტა ფიზიკა, ცოტა ქიმიაც, ცოტა გეომეტრიაც საჭიროა. მაშინ დამფუძნებლებმა ვნახეთ, რომ მოშლილი იყო ცოდნის ბაზა საქართველოში. ჩვენ ვართ მემკვიდრეები ცნობილი ორგანიზაციის, ე.წ. “სანეპიდსადგურის”, რომელიც ოდესღაც არსებობდა, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელმაც 90-იანებში განიცადა მორალური ცვეთა, შემდეგ - ფიზიკური ლიკვიდაცია. უზარმაზარი ცოდნაა დაგროვილი, რომელიც გადმოგვაქვს ჩვენს ქვეყანაში და ვაზიარებთ. მგონი, ცოტა წინაც წავწიეთ დარგი”, - აღნიშნავს საყვარელიძე.

რაც შეეხება კონკრეტულ სერვისებს, როგორც “ორკინ საქართველოს” თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ისინი გათვლილია ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაზე და ნებისმიერ მსურველზე.

“საცხოვრებელი ფართი, ბინა იქნება, სახლი, შატო, რანჩო, სახლი ტბასთან, მთაში, მდინარესთან, კოტეჯი, გლემპინგი, თუ სხვა - ყველაფერს ვემსახურებით, ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი, კომერციულ მიმართულებას ვეძახით ბიზნესსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აქაც ასეა, რომ ნებისმიერ შენობა-ნაგებობა თუ დგას, რაღაც სტრუქტურა თუ დგას, ადრე თუ გვიან, მას მავნებელი შეაწუხებს. შესაბამისად, [მომსახურებაზე] შეზღუდვა არ არის, უბრალოდ, ჩვენს დარგს ეწოდება ურბანულ გარემოში მავნებლის კონტროლი და პრევენცია; ჩვენ არ ვეხებით სასოფლო მეურნეობებს, ნარგავებს, პლანტაციებს და ა.შ.” - განმარტა ლადო საყვარელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები