თუ ამერიკაში ხართ და რკინის ლარიანი ან თუნდაც თეთრები ჯერ კიდევ არ გადაგიყრიათ, დროა დაძებნოთ ტანსაცმლის თუ ჩემოდნის ფარულ ჯიბეებში, კარადის უჯრებში – მოკლედ, ყველგან, სადაც შეძლებთ, რადგან ასეთი შანსი „მაკდონალდსისგან“ აღარ გექნებათ.
მხოლოდ ერთ დღეს, 6 ივნისს, მხოლოდ სამი საათის განმავლობაში, თქვენს ჯიბეში არსებულ ამერიკისთვის უცხო ნებისმიერ ხურდად – მათ შორის, ლარად და თეთრად – შეგიძლიათ იყიდოთ „მაკდონალდსის“ ოთხი საერთაშორისო მენიუ. მეტიც, თუ ჯიბეში მხოლოდ ამერიკული დოლარი გაქვთ, „მაკდონალდსი“ გირჩევთ, სპეციალურად ამ დღისთვის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს მიაკითხოთ და აქციას წესების დაცვით შემოუერთდეთ.
რატომ ასეთი უცნაური, თუმცა კრეატიული აქცია? იმიტომ, რომ „მაკდონალდსს“ ახალი ხედვა აქვს: ყველა იმ დესერტმა, ბურგერმა, სენდვიჩმა თუ ფრიმ, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ფურორს ახდენს, საბოლოო ჯამში, მაკდონალდსის მენიუში უნდა მოიყაროს თავი.
ამ ჯერზე, „მაკდონალდსს“ იმპორტით შემოაქვს დესერტი – Stroopwafel McFlurry – ნიდერლანდებიდან; ბურგერი – Grand McExtreme Bacon Burger – ესპანეთიდან; სენდვიჩი – Tomato-Mozzarella Chicken Sandwich – კანდადიდან და კარტოფილი ფრი – Cheesy Bacon Fries – ავსტრალიიდან.
არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მრავალფეროვანი და უცხო მენიუ „მაკდონალდსმა“ მყიდველს სწორედ ჩაფიქრებული ხერხით დაამახსოვროს: ბოლოს და ბოლოს, ახალი მენიუს გასინჯვა გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, ასე კი რას კარგავ – მხოლოდ ხურდას, რომელიც გამძიმებს და გადასაყრელად გენანება, ბანკი კი, მათ დახურდავებაზე უარს ამბობს.
ხუთშაბათს, 6 ივნისს მათ „მაკდონალდსი“ გადაგიცვლით – ამერიკის დროით, 14:00–დან 17:00 საათამდე; ეს უსარგებლო ხურდა თქვენთვის „მაკდონალდსის“ ახალ საერთაშორისო მენიუს იყიდის.

























