პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში საჯარო დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული 30-მდე კვლევა, რომელმაც საქართველოს 5 რეგიონი მოიცვა: სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი. კვლევამ რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვლია, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მრეწველობა და ა.შ.
კვლევის ფარგლებში ის ძირითადი პრობლემატური საკითხები გამოიკვეთა, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს რეგიონებში აქვს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი, ექსპერტი გიორგი ჩიტაძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაში გამოიხატება. მისი თქმით, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს და მოსახლეობას არ აქვს სათანადო ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის შესახებ; ასევე ამ სფეროში არსებული რეგულაციების თაობაზე.
„პრობლემების ერთი ჯგუფი ასევე მიმართული იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში და ამავე ჯგუფში მე გავაერთიანებდი ხელმისაწვდომობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე. პრობლემებია ასევე ლაბორატორიებთან დაკავშირებით და მათ ხელმისაწვდომობასთან. ამიტომ ამ კუთხითაც აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას“,- აცხადებს ჩიტაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობები მეტად ჩაერთონ და რიგ შემთხვევაში გადამზადდნენ იმისთვის, რომ მათ ბიზნესს სათანადო კონსულატციები გაუწიონ DCFTA-სთან დაკავშირებით.
„კვლევების დროს გამოვლინდა, რომ პასუხები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობებისგან ჰქონდათ მიღებული მკვლევარებს, აცდენილი იყო DCFTA-ს მიზნებისგან.
ზოგადად, ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგალითად რას ნიშნავს HACCP-ის სტანდარტი. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია რიგ შემთხვევაში ძალიან მარტივი საკითხები როგორ გადაწყვიტონ. მაგალითად, ჩვენ შევხვდით რამდენიმე მეწარმეს, რომლებიც ამბოდნენ, რომ უბრალოდ მოიკითხეს როგორ უნდა დაენერგათ სტანდარტები და ვისთანაც მოიკითხეს მათგან მიიღეს პასუხი, რომ არც ეფიქრათ ამ სტანდარტების დანერგვა, რადგანაც ეს დიდ თანხებთან და ახალი საწარმოს აშენებასთან იყო დაკავშირებული. სინადმვილეში ეს ასე არ არის. მარტივად შესაძლებელია ამ სტანდარტების დაკმაყოფილება იმ რესურსებით, რაც ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ადამიანებს ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ამ სტანდარტებზე“,- აცხადებს გიორგი ჩიტაძე.
მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ზოგად გარემოს, არის მეწარმეების დიდი დამოკიდებულება მთავრობაზე.
„ისინი ელოდებიან გარკვეულ ქმედებებს მთავრობისგან, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიცვალოს, რათა მცირე და საშუალო საწარმოები აქტიურად განვითარდნენ რეგიონებში“,- აცხადებს გიორგი ჩიტაძე.