მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის პროგრამაში ჩართვის სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კომერციულმა ბანკმა გამოთქვა - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განუცხადა.
ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე აპირებს საქართველოსათვის ფინანსური მხარდაჭერა გამოყოს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ.
მაია მელიქიძის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკს შესაბამის პროგრამაში ჩართვის სურვილით ერთმა ქართულმა ბანკმა მიმართა, რომლის სახელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ჯერჯერობით არ ახმაურებს და იმედოვნებს, რომ პროგრამით სხვა ბანკებიც დაინტერესდებიან.
„მათ აქვთ მოლოდინი, რომ რაც შეიძლება მეტი ბანკი იქნება ამ პროცესში ჩართული, იმიტომ, რომ კონკურენცია გაიზრდება და ეს საპროცენტო განაკვეთზეც აისახება“,- აცხადებს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ისიც, რა თანხა გამოიყოფა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის მიზნით.
პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება, როგორც ბანკების, ისე თანხის მიმართულებით.

























