მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცხეთას განვითარების ახალი გეგმა აქვს

57ea12afcfaec
BM.GE
27.09.16 10:30
1771
მცხეთას მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა აქვს. ქალაქის სტრატეგიული დოკუმენტი იმავე ჯგუფმა („სალი 2011“) მოამზადა, რომელიც თბილისისთვის ანალოგიურ გეგმაზე მუშაობს.

გარდა ამისა, გეგმის შემუშავებაში ჩართული მხარეები არიან ეკონომიკის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი და თავად მცხეთის მუნიციპალიტეტი, რომელიც მთავრობასა და საპროექტო ჯგუფს შორის შუამავლის როლს ასრულებს და გაწეულ სამუშაოს აჯამებს.

მიწათსარგებლობის გეგმა "ბიზნესკონტრაქტს“ მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტორმა გოგი აბუაშვილმა გააცნო. გეგმის ძირითადი ნაწილი ქალაქის სამეწარმეო, საზოგადოებრივი, სატრანსპორტო და კულტურული მიმართულებების განვითარებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, მცხეთის საერთო ფართობი 43.93 კვ.კმ-ია, აქედან ბუნებრივი ლანდშაფტის ტერიტორია 40 კვ.კმ-ზეა გაშლილი, სადაც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იკრძალება. ამ მიმართულების წარმომადგენლებს მცხეთის ძალიან მცირე ნაწილი- 2.19 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეხვდა.

რაც შეეხება ლანდშაფტის ზონას, აქ განაშენიანება შეზღუდული იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში რეგულაციას ახალი დოკუმენტი დააზუსტებს, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწერება. მიუხედავად შეზღუდვებისა, ქალაქის აღნიშნული ნაწილი გარკვეულ დაშვებებს ითვალისწინებს.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტორი გოგი აბუაშვილი განმარტავს, ლანდშაფტის ზონა აქტიურ და პასიურ ნაწილებად იყოფა.

"პასიური ზონა არის სვეტიცხოველსა და სამთავროს მონასტერს შორის არსებული ტერიტორია. აქტიურ ზონაში შესაძლებელია ტერიტორიის განვითარება მსუბუქი მშენებლობების თვალსაზრისით, რომელიც ლანდშაფტის ტერიტორიის ფუნქციონირებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო პასიურში, რა თქმა უნდა, მშენებლობა შეზღუდული იქნება", - განმარტა გოგი აბუაშვილმა.

განაშენიანებისთვის შეზღუდულ მიწის ფართობში მცხეთის იუსტიციის სახლის შეჩერებული მშენებლობაც მოხვდა. გოგი აბუაშვილის განმარტებით, დაუსრულებელი ნაგებობა სავარაუდოდ დემონტაჟს დაექვემდებარება.

დოკუმენტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავი სატრანსპორტო სისტემას ეხება. გენერალური გეგმის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მცხეთაში საჭიროა ელექტრომობილებისა და სანაოსნო ტრანსპორტის განვითარება, ასევე ველობილიკების მოწყობა. რაც შეეხება საგზაო მარშრუტებს, ამ მხრივ მიწათსარგებლობის გეგმა ქალაქის მუნიციპალიტეტს კოსტავას ქუჩის საფეხმავლოდ გადაკეთებას ურჩევს, თუმცა მცხეთის მერიის არქიტექტორს ამ ჩანაფიქრის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ წარმოუდგენია.

"არის ერთი პრობლემა. ეს ქუჩა არის ერთ-ერთი ცენტრალური და თან - ცალმხრივი, რომელიც ქალაქის შემოგარენს ისტორიულ ნაწილთან აკავშირებს. ამიტომ სანამ არ შემუშავდება ალტერნატივა, რომელსაც ამ ქუჩაზე მოძრავ მანქანებს შევთავაზებთ, კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნა აბუაშვილმა.

ამ ეტაპზე ეს დოკუმენტი მხოლოდ გეგმაა, რომელიც მცხეთის საკრებულოში კენჭისყრას, მანამდე კი, წლის ბოლომდე, იუნესკოს შეფასებას ელოდება.

დოკუმენტისაპროექტო ჯგუფმა „სალი 2011“-მამთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოამზადა, რომელიც160 ათასი ლარი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის ახალგენერალურ გეგმაზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე ძალაში იქნება. შეგახსენებთ, რომ იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან მიმდინარე წელს ამოიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები