მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცხეთაში გარე ვაჭრობაზე შეზღუდვები მოიხსნა

590d86aac9f45
დავით ჯალაღონია
06.05.17 13:00
1486
მცხეთაში მოქმედი მორატორიუმის გამო გარე ვაჭრობის შემზღუდავი დადგენილება გაუქმდა.

"შეჩერდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენის და ბაზრობის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილების მოქმედება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ექცევა განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების ზონაში“, - წერია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 28 აპრილს მიღებულ დადგენილებაში.

როგორც მცხეთის საკრებულოს წევრმა რევაზ მამულაშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, მცხეთის ისტორიულ ნაწილში გარე ვაჭრობის აკრძალვას ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, რის შედეგადაც მცხეთის მერიის იურიდიული სამსახურის ინიცირებით საკრებულომ გარე ვაჭრობის წესებში მორიგი ცვლილება შეიტანა, რამაც მანამდე მოქმედი დადგენილება შეაჩერა.

"საერთოდ დასარეგულირებელია ეს საკითხი და გარე ვაჭრობა მოწესრიგებული უნდა იყოს, მაგრამ წინა დადგენილებაში ბევრი იურიდიული უზუსტობა იყო, რაც ქალაქში მოქმედ მორატორიუმს უკავშირდება“, - განმარტა მამულაშვილმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „საქმის კურსი“ მცხეთის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, გარე ვაჭრობის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის და შესაბამისი ნაგებობების შეთავაზება გახდა საჭირო, რაც პირველი კლასის ნაგებობებს განეკუთვნება.

"პირველი კლასის ნაგებობების მშენებლობა კი ქალაქში მოქმედი მორატორიუმიდან გამომდინარე შეზღუდულია, ამიტომ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით 2017 წლის 27 იანვარს მიღებული დადგნილების მოქმედება შეჩერდა“, - განაცხადეს მცხეთის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 31 დეკემბრამდე მცხეთაში მშენებლობებსა და მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოქმედებს. შეზღუდვის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები