მცხეთას ახალი გენერალური გეგმა აქვს. ქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა იმავე ჯგუფმა მოამზადა, რომელიც თბილისისთვის ანალოგიურ დოკუმენტზე მუშაობს. გეგმის შემუშავებაში ჩართული მხარეები იყვნენე: ეკონომიკის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი და თავად მცხეთის მუნიციპალიტეტი.
მცხეთა იუნესკოს ვერდიქტამდე დარჩენილ ბოლო თვეებს ითვლის. ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს ’"საქმიან დილასთან" საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის მცხეთის მცხეთის დამოუკიდებელი კანდიოდატი ცეზარ ჩოჩელი აფასებს.
- ბატონო ცეზარ, მცხეთის განვითარების ახალ დოკუმენტს თუ იცნობთ და რა ცვლილებები შეიძლება დაიგეგმოს?
- დოკუმენტი ძალიან ზერელად არის მომზადებული და ძალიან ცუდი შეფასება მიიღო იუნესკოსგან. არის რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელიც ფაქტიურად მოსახლეობასთან შეუთანხმებელია და აბსოლუიტურად არ არის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული. დაახლოებით 180 ადამიანი კარგავს მშენებლობისა და საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთებზე, რომელთან დაკავშირებითაც მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას იუნესკოსთან მოლაპარაკებების წარმოება შეეძლო, რომ იქ განაშენიანება ყოფილიყო შესაძლებელი. თვითონ დოკუმენტს რაც შეეხება, შენიშვნებიდან მცირე ამონარიდს წაგიკითხავთ და დასკვნა თქვენთვის მომინდია: როგორ იქნება შესაძლებელი კონკურენტულ გარემოსთან ინვესტირების სტიმულირება, როგორ უნდა მოხდეს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება ეს გეგმაში საერთოდ არ არის. ასევე დოკუმენტში არ წერია სად შეიძლება ფეხითმოსიარულეთა გადაადგილების გაუმჯობესება როგორ უნდა მოხდეს და სად მდებარეობს ტურიზმის განვითარების პოტენციური ზონები. ზოგადად დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ დროს ეს გეგმა უკვე შესრულებულია, მერიას მიღებული აქვს. დამტკიცებული არ არის, მაგრამ თანხა გადახდილია, რომელზეც დღეს სამუშაო გასაგრძელებელია და თუ აქამდე გადახდილი იყო 160 000 ლარი, ეს თანხა ხელახლა იქნება გადასახდელი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა, რომელიც უნდა შესრულებულიყო არ შესრულებულა. გზების ნაწილი გადასატანია და ამასთან დაკავშირებით ახალი პროექტი იყო შექმნილი. ხიდი კეთდებოდა, რომელიც ძველი მცხეთის ტერიტორიას გამავალ და შემავალ ავტოტრანსპორტს მთლიანად ააცილებდა. ამავე დასკვნაში საუბარია ჩამდინარე წყლებზე, ეს საკანალიზაციო სისტემებია, რომელზეც ანალოგიურად უკვე პროექტი არსებობდა, დაფინანსებაც მოპოვებული იყო და უნდა განხორციელებულიყო და არ განხორციელდა. პრობლემა შემდეგშია, რომ რა სამუშაოებიც შესრულებულია, ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები.
- ეს ყველაფერი ვის ინტერესებზეა მორგებული?
- ვერ ვიტყვი, რომ ეს შემსრულებლის ბრალია. ვფიქრობ, რომ ეს ძირითადად დამკვეთის ბრალია და ამ შემთხვევაში დამკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტი იყო. აღნიშნულ სტრატეგიაში არ არის გათვალისწინებული არანაირად არც სახელმწიფო და არც მოსახლეობის ინტერესები. აქ საქმე არაკვალიფიციურ სამუშაოებთან გვაქვს. ჩვენ უნდა ვაყენებდეთ ამ პირობებს და ისინი ცოტას უნდა გვაკლებიდნებდნენ და გვარბილებინებდნენ მოთხოვნებს. დღეს კი ეს პირიქით ხდება.
- თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი ამბობს, რომ იმ პროექტების განხორციელებას პირდებით მოსახლეობას, რის გამოც იუნესკომ სიიდან მცხეთა ამოიღო?
- მე თან მაქვს იუნესკოს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ იუნესკომ ჩვენ შეგვიჩერა ერთი მიზეზის გამო სტატუსი, რომ მაშინ ჩვენი ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ იყო და აქვე გაწერილია ეს ყველაფერი რომელ ძეგლებთან არის დაკავშირებული. ეს იყო სვეტიცხოველი, ჯვარი. ოპონენტებს მოსახლეობასთან თავის სამართლებლად სჭირდებათ, რომ თითქოს ჩვენს მიერ განხორციელებული რესტავრაციის შემდეგ მოხდა შეჩერება. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ იუნესკოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით. სხვადასხვა შეხედულებები გვქონდა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ძველ მცხეთაში უნდა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა, აქ ერთადერთი გამოსავალი და სხვათაშორის ტურიზმის განვითარებას ძალიან წაადგება თუ ხიდის გადმოტანა მოხდება. სატრანსპორტო გზა რომ არ არსებობდეს ეს გამორიცხულია. როდესაც ჩვენ ჩავატარეთ რეაბილიტაცია, მაშინ მოსახლეობას გადაადგილების საშუალება ჰქონდა, მაგრამ აქ საუბარია გამვლელ ტრანსპორტის ნაკადზე და ტურისტებზე, რომლებიც ადგილობრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. წესით დღეს მცხეთის გასასვლელ-შემოსასვლელის მთლიანი რეაბილიტაცია უკვე დასრულებული უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ გენერალურ გეგმაზე მოსახლეობასთან არანაირი კონსულტაცია და შეჯერება არ ყოფილა.
- პროექტზე მიღებული გადაწყვეტილება ვის პასუხისმგებლობაზეა?
- ეს უკვე საკრებულოს გადასაწყვეტია, მან უნდა დაამტკიცოს, მაგრამ თვითონ გეგმა, რომელიც შეიქმნა, დამტკიცდა და ჩაბარებულ იქნა ეს მერიამ განახორციელა. მე მიმაჩნია, რომ ეს თავიდანვე შეცდომა იყო, იმიტომ რომ სანამ მიღება-ჩაბარება მოხდებოდა, საკრებულოსთანაც და მოსახლეობასთანაც უნდა განხილულიყო და ის შენიშვნები, რომლებზეც დღეს მუშაობა ხელახლაა დასაწყები გათვალისწინებულიყო. დღეს ფაქტიურად მივიღეთ, რომ მცხეთაში ტურიზმის განვითარებისთის არანაირი არეალი აღნიშნული გეგმით არ გვაქვს, რასაც თვითონ იუნესკო ითხოვს.
- რამდენად შესაძლებელია, რომ ამ დოკუმენტს დაემატოს რასაც იუნესკო ითხოვს ან სხვა ახალ დოკუმენტში შევიდეს?
- ეს ჯერ დოკუმენტი არ არის, შენიშვნების ჩამონათვალია, რომელიც იუნესკომ გადმოგზავნა. სამუშაოების ხელახლა დაწყება უნდა მოხდეს და ასევე იუნესკოსთან ყველა იმ პროექტის შეთანხმება უნდა მოხდეს, რომელიც მცხეთას და მცხეთელებს სჭირდებათ.
- თქვენ მცხეთის რაიონის მაჟორიტერი კანდიდატი ბრძანდებით და თქვენგან კონკრეტულ გეგმას ელის მოსახლეობა. როგორ ფიქრობთ, ბალანსის მოძებნა მარტივი იქნება, რომ იუნესკოს და მოსახლეობის მოთხოვნები ერთდროულად დაკმაყოფილდეს?
- ეს მარტივი ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ დიდი დრო არის უკვე დაკარგული, მაგრამ ვფიქრობ, რომ საღ აზრამდე აუცილებლად მივალთ და ერთი ფაქტორია აქ კიდევ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად ეკლესიასთან უნდა შეთანხმდეს. 3-4- მხარეა, რომელთანაც კონსულტაციებით შეთანხმება უნდა მოხდეს და ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც მცხეთასაც, მცხეთელებსაც და ზოგადად სახელმწიფოს წააადგება.
- მე-6 პუნქტად წერია, რომ აუთენტურობა დაკარგა ზოგიერთმა ძეგლმა რესტავრაციის არასწორი სამუშაოების გამო...
- ეს არის 2009 წელი, აქ საუბარია სვეტიცხოველსა და ჯვარზე. ამ პერიოდში ჯერ მუნიციპალიტეტს ისტორიულ ძეგლებთან შეხება დაწყებული არ ჰქონდა და რეგიონის ხელმძღვანელობა ზოგადად არც მაშინ და არც დღეს არ ქონია. ეს წლების განმავლობაში ჩატარებული რესტავრაციის შედეგია. საუბარი იყო, რომ ქვა უკვე ბუნებრივ ეროზიას განიცდიდა, რომელსაც შესაძლებელი იყო, რომ მომავალში სახე სრულიად დაეკარგა, ამიტომ ისინი ითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებულიყო ისეთი რესტავრაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს ავთენტურობა არ დაეკარგათ. ზუსტად ამ მიზეზით მოხდა სტატუსის შეჩერება და არა იმიტომ, რაზეც დღეს ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ვითომც რესტავრაცია-რეკონსტრუქციის გამო შეუჩერდა მცხეთას სტატუსი. როდესაც მე მცხეთაში დავინიშნე ზედა და ქვედა ნაწილით მცხეთა ჩამონგრეული და ჩამოშლილი იყო და ჭაობში იჯდა. თუ ვსაუბრობთ, რომ მცხეთა ეს არის ჩვენი სულიერების ცენტრი, მეორე იერუსალიმია და ა.შ. არ შეიძლება, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს. მაჩვენონ მსოფლიოში ადგილი სადაც ამ მნიშვნელობის ისტორიული ძეგლებია და არის ამ მდგომარეობაში.
მცხეთას განვითარების ახალი გეგმა აქვს

























