მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

5b09870b7b61d
დავით ჯალაღონია
26.05.18 20:10
1276
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ.

მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიმდინარე წლის 16 მაისს, ამჯერად უფრო მოცულობითი შინაარსის დოკუმენტისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, ეკონომიკის სამინისტრო მცხეთის მუნიციპალიტეტის სრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას 2018-2020 წლებში, ჯამურად 1 800 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ფარგლებში განახორციელებს.

ამასთან, აქვე მოცემულია მიზეზი, რის გამოც, საკრებულომ მიწათსარგებლობის უკვე მომზადებული გეგმა დაიწუნა.

"2015-2016 წლებში ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით მომზადდა ქ. მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (შემსრულებელი შპს "სალი"), დოკუმენტი წარედგინა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, მიღებულ იქნა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რის გამოც თვითმმართველობის მიერ დოკუმენტი არ იქნა დამტკიცებული. 2015-2016 წლებში დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიას, რომელშიც სრულად არ შედიოდა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის აუცილებელი ისტორიული ლანდშაფტი, მათ შორის ჯვრის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რაც 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე დამტკიცებულ იქნა გადაწყვეტილებით #41 COM 8B. 44, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ბუფერული ზონა", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თავის მხრივ, BM.GE მცხეთის გენგეგმის ერთ-ერთი ავტორს, ქალაქმგეგმარებელს მერაბ ბოლქვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის დაწუნების მთავარი მიზეზი არა იუნესკო, არამედ ქალაქში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიების მფლობელთა ინტერესებია.

"მცხეთის საკრებულომ ეს პროექტი არ დაამტკიცა, რადგან მათ მოქალაქეებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, სურთ აჩვენონ პოზიცია, რომ ისინი მათ ინტერესებს გამოხატავენ. ახლა შესაფასებელია, 72 ადამიანის კერძო ინტერესია მნიშვნელოვანი, რომელთაც სამთავროს მონასტრის თავზე განაშენიანება სურთ, თუ - ქვეყნისა და ქალაქის, თუნდაც, 10 ათასი ადამიანის? ეს პროექტი მხოლოდ ამით ფასდება - თუ აშენდება და ჩვენ ნებას დავრთავთ, კარგია, თუ არ დავრთავთ - ცუდი", - განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ თავად არაერთხელ შეხვდა იუნესკოს ექსპერტებს, რომელთაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ქალაქ მცხეთის ამოღებას გამოიწვევს.

მერაბ ბოლქვაძის მოსაზრებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რევაზ მამულაშვილი არ იზიარებს.

"ხალხს არ აინტერესებს, მიშამ მიჰყიდა მათ მიწები, თუ სხვამ. ოფიციალურად, ნაკვეთები მათ სახელმწიფოსგან იყიდეს და ამდენი წლის განმავლობაში ვერაფერს ახორციელებენ. თითოეული მიწის ნაკვეთი 40 ათასი დოლარიდან იწყება, ხალხს ეს თანხა გადახდილი აქვს და ხელში არაფერი უჭირავთ. ამასობაში გავიდა ცხოვრება", - განაცხადა მამულაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში განაშენიანებაზე, მიმდინარე წლის ბოლომდე მორატორიუმია დაწესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები