მცხეთის ისტორიულ უბნებში გარე ვაჭრობა აიკრძალა. კერძოდ, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, - სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა, გამოფენის ან ბაზრობის მოწყობის წესის დარღვევაზე რეაგირება 15 მარტიდან მოხდება.
რეგულაციებში მოექცევა რესტორნებისა და კაფე-ბარების წინ განთავსებული ინფრასტრუქტურაც, - მაგიდები და სხვა კონსტრუქციები. ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, სადღესასწაულო დღეებში სპეციალური სავაჭრო ზონების გამოყოფა ქალაქის მერიის ინდივიდუალური ნებართვით მოხდება. ამ შემთხვევაშიც გარე მოვაჭრეებს სავაჭრო ობიექტების არქიტექტურული იერსახის დადგენა წინასწარ მოუწევთ.
რეგულაციებში მოექცა სვეტიცხოვლის ცენტრალურ შესასვლელთან არსებული ტერიტორია (ამაღლებული მოედანი), და ადმინისტრაციული შენობების წინ მდებარე ტერიტორია.
ამასთან, ობიექტების განთავსება ტროტუარზე, თუ მისი სიგანე 1 მ-დან 1.50 მ-მდეა უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაიკავოს ტროტუარის ნახევარი. ხოლო იქ, სადაც ტროტუარის სიგანე ნაკლებია, გარე ვაჭრობის ობიექტის განთავსებაზე ნებართვის გაცემა ხორციელდება მიზანშეწონილობის და ადგილის შეფასების გათვალისწინებით.

























