მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მდინარეებზე წყლის რესურსების მზომი სადგურები დამონტაჟდება

5bb1c2f7aed0f
მაია ბიწაძე
01.10.18 10:45
805
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მთიან რეგიონებში მდინარეებზე წყლის რესურსების მზომ სადგურებს დაამონტაჟებს, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, წლის ბოლომდე აღნიშნული სადგურები ორ მდინარეზე, ნენსკრასა და დურუჯზე დამონტაჟდება, მომავალ წელს კი აღნიშნული სისტემებით კახეთში, რაჭაში და სვანეთში 10-12 მდინარე აღიჭურვება. სადგურები საკამაოდ ძვირადღირებულია, მათი ფასი 100-დან 150 ათას ლარამდეა.

,,ჭუბერში მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე, ჩვენ დავრწმუნდით, რომ მთის მდინარეებზე, რომლებიც მყინვარული პროცესების შედეგად წარმოიქმნებიან, საჭიროა აქტიური მონიტორინგი, ეს საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ შესაძლო რისკები. ჩვენ არ გვქონდა წყლის დონის მზომი სადგური მდინარე ნენსკრაზე, არც მის შესართავზე. ოქტომბრის ბოლომდე ნენსკრას ზემო წელში დავამონტაჟებთ წყლის მზომ ავტომატურ სადგურს, რაც საშუალებას მოგვცემს მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით იმ სეზონზე, როდესაც მოსალოდნელია წყლის დონის მატება, მივიღოთ ინფორმაცია და მოვახდინოთ დაუყოვნებელი რეაგირება“ - განუცხადა ნინო თანდილაშვილმა Bm.ge-ს.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან, ავტომატური სადგურები მთიან რეგიონებში რისკების ზონების მიხედვით დამონტაჟდება, უკვე არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს სააგენტო. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მოწყობილობები ძვირადღირებულია, მათი მონტაჟი პრიორიტეტულად რისკების ზონების მიხედვით მოხდება.
,, ძირითადად მთიან რეგიონებებს დავფარავთ. წელსვე გვინდა მოვასწროთ მდინარე დურუჯზე ავტომატური წყლის მზომი სადგურის მონტაჟი, იქ არის მოძველებული სადგური, მაგრამ ის ვერ გვაწვდის ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში. გვინდა კახეთის რამოდენიმე მდინარე დავფაროთ, ასევე რაჭის რეგიონზე და სვანეთზეც იქნება აქცენტი აღებული“ - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები