„ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველაფერი უკეთდება, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამის შესახებ მან „იმედს“ კლინიკაში მისვლისას განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს კახეთში კლინიკაში მიყვანისთანავე ჩაუტარა ქირურგიული ოპერაცია და შემდეგ უკვე ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
„თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს კლინიკაში გვიან ღამით შეიყვანეს. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული. შესაბამისად ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე, ყველა საჭირო პროცედურა იყო განხორციელებული, საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო. ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმებია. ბუნებრივია ამ დროს გარკვეული პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაა აუცილებელი სამედიცინო და აღდგენითი თვალსაზრისით, რაც აუცილებელია სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის აღდგენისთვის ყველაფერი უკეთდება. ძალიან მძიმე, შოკის მომგვრელი ამბავი იყო. ყველასთვის თავზარდამცემი. ექიმები მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. ერთი ჭრილობა გახლავთ, რომლითაც საბედნიეროდ მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ეს ცეცხლსასროლი ჭრილობა არ შეხებია“, - განაცხადა მინისტრმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი კი აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიდის.
„პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს დილით 06:30 საათზე იყო გადმოყვანილი სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლისას საკმაოდ მძიმე იყო. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, რადგან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სამკურნალო ღონისძიებები“, - განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, საგარეჯოში თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, ამ დროისთვის კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შსს-ს განცხადებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.




























