მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მე-11 მოწვევის პარლამენტში, სადეპუტატო კითხვის უფლებით "ოცნების" წევრებმა მხოლოდ სამჯერ ისარგებლეს

პარლამენტი

დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. “ოცნების” მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან შვიდი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კი, სადეპუტატო კითხვის უფლებით „ოცნების“ წევრებმა მხოლოდ სამჯერ ისარგებლეს. შედარებისთვის, გასულ წელს 2024 წლის იანვრიდან-ნოემბრის ჩათვლით, მანამ ვიდრე ჯერ კიდევ მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობდა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში 700-ზე მეტი სადეპუტატო კითხვა გაიგზავნა. მათი დიდი ნაწილი მაშინდელ ოპოზიციას ეკუთვნოდა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მინისტრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებას. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან წერილობითი პასუხი 10 დღეში წარუდგინოს.

შესაბამის პორტალზე 2025 წელს, მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების: გივი მიქანაძის და ალექსანდრე დალაქიშვილის სადეპუტატო კითხვები ფიქსირდება. გასული წლის ბოლოს - დეკემბერში კი თენგიზ შარმანაშვილის მიერ გაგზავნილი კითხვაა.

გივი მიქანაძემ კითხვით 13 თებერვალს იუსტიციის მაშინდელ მინისტრ ანრი ოხანაშვილს მიმართა. პასუხი კი 17 მარტს მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი 18 დღით დაგვიანდა. მისი კითხვა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, რეფერირების, განრიდების და არასრულწლოვანი პატიმრების სტატისტიკას ეხებოდა. ოხანაშვილის პასუხში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული იყო 200 არასრულწლოვანი ბრალდებული. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა 54-ს შეადგენდა, 2023 წელს - 35-ს, 2022 წელს კი - 34-ს.

ალექსანდრე დალაქიშვილმა კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს 31 მარტს მიმართა, პასუხი კი - 11 აპრილს მიიღო. მას აინტერესებდა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ”. მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობის ან მისი უქონლობისთვის 1528 ობიექტის მიმართ, მათ შორის, განმეორებით - 167 ობიექტის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაეკისრათ ადმინისტრაციული სახდელები, მათ შორის: 2023 წელს - 925 ობიექტს (მათ შორის, 136 ობიექტს - განმეორებით); 2024 წელს - 309 ობიექტს (მათ შორის, 31 ობიექტს - განმეორებით).

კიდევ ერთი კითხვის ავტორი ასევე ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილია, რომელიც მან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, გიორგი თვაურს 2024 წლის 20 დეკემბერს გაუგზავნა. შარმანაშვილის კითხვა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ვადებს და სტატუსს ეხებოდა და პასუხი 7 დღეში მიიღო.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტში 101 წევრია, მათ შორის “ოცნებას” 89 დეპუტატი ჰყავს. 12 წევრი კი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“. თუმცა, 30 ივნისს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გიორგი გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ამის შემდეგ კი, მე-11 მოწვევის პარლამენტში 89 დეპუტატი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის”, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური ძალების ნაწილი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც მანდატებზე თავადვე განაცხადეს უარი, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადი არ შეუტანიათ და ასევე არ გაუუქმებიათ საკუთარი საარჩევნო სია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები