კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, რომ მე-4 კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები შემოსავლები თითქმის 35%-ით შემცირდა, თუმცა პოლიტიკური რეკლამის გამო, ჯამურად კლება უფრო ნაკლებია.
კომისიის ცნობით, მაუწყებლების მიერ [ტელევიზიები და რადიო] ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებით მიღებულმა შემოსავალმა 9.8 მილიონი ლარი შეადგინა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებიდან მიღებულმა შემოსავალმა ნაწილობრივ დააბალანსა კომერციული შემოსავლების კლება და შედეგად მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები (პოლიტიკური რეკლამის ჩათვლით) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა.
სარეკლამო შემოსავლების კლების მიზეზად მარეგულირებელი წინასაარჩევნო პერიოდსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასახელებს.
"მე-4 კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდმა, როდესაც მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ, რამაც კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი სარეკლამო დროის შემცირება გამოიწვია.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების საგანგებო რეჟიმში მუშაობამ სამაუწყებლო ბადე სრულად შეცვალა, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში მაუწყებლები უწყვეტი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. შედეგად, კომერციული რეკლამის განთავსებისათვის დათმობილი დრო მნიშვნელოვნად შემცირდა", - აცხადებენ კომისიაში.




























