მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში" - ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს

კობახიძე ივანიშვილი ღარიბაშვილი ყაველაშვილი

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. იგი წერს, რომ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას სასამართლო სხდომებზე დაყრდნობით არ აპირებს და ბრძოლის იარაღად სიმართლეს ირჩევს და აპირებს საზოგადოებას საჯაროს ესაუბროს.

"მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ", - წერს ღარიბაშვილი.

იგი ამბობს, რომ სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდა და აღარ აპირებს სპექტაკლში მონაწილეობას.

"გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.

ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.

მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს!", - წერია ღარიბაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომის თარიღად 19 ოქტომბერი განსაზღვრა.

დღევანდელ პროცესს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია. მოსამართლის განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა დღევანდელ პროცესში მონაწილეობაზე. შესაბამისად, სხდომის განხილვა ბრალდებულის გარეშე ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. უწყების განცხადებით, საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებს და ამ პროცესის შედეგად ირაკლი ღარიბაშვილისთვის 750 000 ლარის ქრთამის გადაცემას ეხება.

პროკურატურის ვერსიით, ქრთამის თანხა ყოფილ პრემიერ-მინისტრამდე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გავლით მივიდა. გამოძიების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვებისას კონკურენტული გარემო ხელოვნურად შეიზღუდა, რამაც სახელმწიფოსთვის საქონლის რეალურ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ფასის გადახდა გამოიწვია.

ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან სასჯელს იხდის. ახალი ბრალდება კი, პროკურატურის მიერ მითითებული კვალიფიკაციით, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები