მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, - ხეები მოასფალტდა"

5a1e7e5749635
BM.GE
29.11.17 13:26
1289
კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, ორი კვირის ვადაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.

„ვიცი, რომ ნარჩენების გატანა დილისა და დღის საათებში ხდება, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არსებობს. ძალიან ბევრი წერილი შემოდის. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან თანადგომა იქნება. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე საგზაო სამუშაოების შესრულების დროს, ხეების მოასფალტების ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემდეგში, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს.

მისი თქმით, ის კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების არასწორად წარმოებაში არიან შემჩნეული, თბილისის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ.
„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ,  მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა.
თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს სთხოვა, მაქსიმალურად გააფრთხილონ კომპანიები, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები