ახლად შექმნილი პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" განაცხადა, რომ სამთავრობო მედიების წარმომადგენლებს აინტერესებთ, გეგმავს თუ არა საკუთარი ძმის დამარცხებას, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე, სხვა გაერთიანებაშია. ჯაფარიძე ამბობს, რომ ის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას აპირებს. სწორედ ამიტომ, ზურა გირჩი ჯაფარიძე მისი კონკურენტი ვერ იქნება.
გია ჯაფარიძე წუხს, რომ არიან პარტიები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებებს მიღმა არიან, რის გამოც შესაძლებელია, რომ მათი ხმები დაიკარგოს.
" რაც ჩემზეა დამოკიდებული, სხვა ოპოზიციურ პარტიებში, მე მყავს მეგობრები, ზოგან ოჯახის წევრები [ზურა ჯაფარიძე]. მე რა თქმა უნდა, გუშინაც რამდენიმეს შევხვდი და სულ ერთსა და იმავეს ვამბობ, მე მგონია, რომ ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა. მე მგონია, რომ ჩვენი ერთიანობა არის გარანტირებული მარცხი ქართული ოცნებისთვის.
ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მე ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ამას ვამბობ ახლა, და ამას ვამბობდი იქამდეც, სანამ დავტოვებდი კომფორტულ სივრცეს და შევაბიჯებდი პოლიტიკაში.
მე და ზურა [ჯაფარიძე] არ ვართ კონკურენტები. ერთ-ერთმა მედიამ მკითხა, ვაპირებ თუ არა ჩემი ძმის დამარცხებას. არა, მე ვაპირებ ადიკოს ძმის [ივანიშვილის] დამარცხებას. მე და ზურა არ ვართ კონკურენტები. ორივეს გვინდა, დავამარცხოთ ივანიშვილი. ისე თუ მოხდება, რომ შედგება რაღაც უფრო დიდი ერთობა, არ დაიკარგება ამომრჩევლის ხმები, რისთვისაც დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა არც თუ ისე დიდი. 100 დღე დარჩა", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.