მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მე გეტყვით, რას აკეთებენ ჩვენი კომერციული ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში" - გერმანიის ელჩი

5cb438f0d413c
ელენე ჩომახიძე
15.04.19 11:55
1169
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობა და ბიზნესის პოპულარიზაცია მებისმიერი საელჩოს ვალდებულებაა.

ამის შესახებ ელჩმა bm.ge-ის საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, რამდენიმე ქვეყანაში, საელჩოსთან კოორდინაციით, ეკონომიკური დესპანების პოზიციები შეიქმნება, თუმცა თავდაპირველად ეკონომიკური ატაშეების ინსტიტუტის შემოღებაზე იყო საუბარი.

„ეკონომიკური ატაშეების დანიშვნის ინიციატივის შესახებ მსმენია, თუმცა დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის. ეკონომიკური საქმიანობა და ბიზნესის პოპულარიზაცია, პრინციპში, ნებისმიერი საელჩოს ვალდებულებაა. გერმანიას რაც შეეხება, ჩვენ ეკონომიკური ატაშე ყველა ქვეყანაში გვყავს, სადაც საელჩო გვაქვს, აქედან გამომდინარე, ცხადია, მოხარული ვიქნები თუ საქართველოდან კომერციული ატაშე იქნება წარმოდგენილი გერმანიაში, რაც ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ამ ინიციატივასთან დაკავშირებულ პროცესებში ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე ჩართული არ ვყოფილვარ, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, საქართველოს საელჩოები ისედაც მუშაობენ ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებში; თუნდაც რომ გავიხსენო შარშანდელი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, საქართველოს საელჩომ გერმანიაში შთამბეჭდავი შრომა გასწია“, - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ელჩმა bm.ge-თან ისაუბრა იმაზეც, თუ რითი არიან დაკავებული გერმანელი კომერციული ატაშეები საზღვარგარეთ.

„მე გეტყვით, რას აკეთებენ ჩვენი კომერციული ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი ეძებენ ბიზნესებს კონკრეტულ ქვეყანაში, ხმას აწვდენენ მათ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიზნეს საზოგადოება გერმანიის სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალით დააინტერესონ. მე დარწმუნებული ვარ, გერმანელი ინვესტორები აუცილებლად დაინტერესდებიან საქართველოს პოტენციალით მას შემდეგ, რაც აქაური შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თქვა, რომ ეკონომიკური დესპანები კომერციული ატაშეებისთვის გამიზნულ ფუნქციებს შეასრულებენ.

“ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ვქმნით, ისინი იქნებიან მიბმულები საელჩოებთან დესპანის პოზიციაში. ეს კეთდება იმისთვის, რომ ვთვლით, უფრო ახლო კოორდინაცია საელჩოებთან ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს; სწორედ იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც ატაშეების ინსტიტუტი იყო შექმნილი,” - განაცხადა ქობულიამ.
შეგახსენებთ, კომერციული ატაშეების კონკურსი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, 2018 წლის 6 მარტს გამოცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი, აპრილში დასრულდა. მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა, ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში, ამ დრომდე არ ჰყავს.

ჯერჯერობით, ეკონომიკური დესპანების პოზიციაზეც არავინ დანიშნულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები