კომპანია "მეამა" საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" კომპანიის დირექტორმა, თემურ ბოსტოღანიშვილმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ამჟამად გერმანიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშია წარმოდგენილი. სულ მალე კი, ავსტრიის ბაზარზე ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს.
"მოკლე პერიოდში, საკმაოდ წინ წავიწიეთ. ჩვენ უკვე ვოპერირებთ გერმანიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სულ მალე კი, ავსტრიაში ვიქნებით წარმოდგენილი. შემდეგ იქნება ინგლისი, საფრანგეთი.
ინგლისის ბაზარი საკმაოდ რეალურია და ძალიან მალე მოხდება ამ ობიექტის გახსნა. ჩვენ გვეხმარება ის ფაქტი, რომ უკვე ევროპაში ვართ გაშლილი და ჩვენთვის ლოგისტიკა და სხვა პროცესები უკვე ადვილია. ამის შემდეგ, მოდის ჩრდილოეთ ამერიკა. ოკეანე გვყოფს, სხვადასხვა ლოგისტიკური ნიუანსებია გასათვალისწინებელი, მაგრამ არცთუ ისე შორს ვართ იმისგან, რომ პროდუქტი იქაც უკვე მალე გვექნება. პირველ ეტაპზე, გერმანიიდანვე იგეგმება ამერიკაში მიწოდება, თუმცა სამომავლოდ ამერიკაშიც იგეგმება ქარხნის აშენება.
საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ წინ, ბიუროკრატია არ გვაქვს, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოქნილები ვართ დიდ კომპანიებთან შედარებით, რადგან იქ შესაბამისი ბიუროკრატია მოქმედებს, შესაბამისად ჩვენ უფრო მოქნილად მივიწევთ წინ", - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტი ორად ექნებათ დაყოფილი. ანუ, გარკვეული ქვეყნების შემთხვევაში, კომპანია ლოგისტიკით, ელექტრონული კომერციისა და დისტრიბუციის სერვისი იქნება წარმოდგენილი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ელექტრონული კომერციით და ფიზიკური ობიექტებით.