მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეათე მოწვევის პარლამენტის ახალი მილიონერი დეპუტატების სია

5fd65f832f07e
BM.GE
13.12.20 21:29
3913
მეათე მოწვევის პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. პარლამენტში მილიონერი დეპუტატების კონცენტრაცია აქამდეც მაღალი იყო, მათი უმეტესობა მმართველი პარტიის რიგებში იყო წარმოდგენილი, თუმცა ოპოზიციონერებს შორისაც რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი იყო. ახალი მოწვევის პარლამენტში მილიონერების მატება განსაკუთრებით შესამჩნევი მაჟორიტარი დეპუტატების მიმართულებითაა. ახალი ბიზნესმენი დეპუტატების სია:

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი - ანტონ ობოლაშვილი 

ანტონ ობოლაშვილი ბიზნესმენია; მას ეკუთვნის ფარმაცევტული საქონლის საბითუმო ვაჭრობით დაკავებული კომპანია “გლობალფარმი”, რომელიც რიგი დასახელების მედიკამენტებით ვაჭრობს. 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავალი 60.7 მილიონი დოლარი იყო, მისი წმინდა მოგება კი - 13.6 მილიონი ლარი. კომპანიის აქტივები 78 მილიონი ლარია.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანტონ ობოლაშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე თანხა - 2.9 მილიონ ლარს, $2 მილიონ აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 6.4 მლნ ლარს) და 35 ათას ევროს შეადგენს.

ამასთანავე, ობოლაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს 30 ათას ლარს 5 ათას ევროს და $12 ათას დოლარს.



ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი - ზაზა დუგლაძე 

ზაზა დუგლაძე შპს "დუგლაძეების ღვინის" კომპანიის თანადამფუძნებელია. კომპანია ღვინისა და სპირტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კერძოდ, კომპანიის შემოსავალი 2018 წლის ანგარიშგების თანახმად - 25.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგება - 3.2 მილიონი ლარი, ხოლო აქტივები 55.6 მილიონი დოლარი იყო. ზაზა დუგლაძეს კომპანიაში 23%-იანი წილი ეკუთვნის. 

კომპანიაში დუგლაძეების ბიზნესპარტნიორი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილიცაა. მას კომპანიის 23%-იანი წილი ეკუთვნის. დუგლაძეების ღვინის კომპანიას, ასევე, ეკუთვნის ვარციხის კონიაკის ქარხანაც. ზაზა დუგლაძის ძმა გიორგი დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსია. 

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დუგლაძე ნაღდი ფულის სახით $380 ათას აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 1.2 მლნ ლარს) ინახავს. 



ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი  - ვასილ ჩიგოგიძე


ვასილ ჩიგოგიძე 2004-2008 წლებში მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციაში შედიოდა. ამჟამად ვასილ ჩიგოგიძის სახელზე რამდენიმე ათეული კომპანიის წილები ირიცხება. მათ შორისაა 25%-იანი წილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამასთან, ჩიგოგიძე არის შპს “ჩიგოს” დირექტორი, შპს “ვიტეშოპის” დირექტორი, ასევე, არის შპს “გუბაზეული 2018”-ის დირექტორი.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჩიგოგიძე ნაღდი ფულის სახით ინახავს $300 ათას აშშ დოლარს (დღევანდელი კურსით 960 ათასი ლარი). მის საბანკო ანგარიშზე კი 100 ათასი ევროა განთავსებული. ამასთანავე, ჩიგოგიძე ფლობს 58.4 ათასი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს (აქციებს).



ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი  - ბეჟან წაქაძე

ბეჟან წაქაძე სამშენებლო კომპანია “ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ+”-ის დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 5.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიის წმინდა მოგება ამავე წელს 914 ათასი ლარი იყო.

ამასთანავე, ბეჟან წაქაძე არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის - 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას - 50%-იანი წილის; შპს „სოლიდის“ - 40%-იანი წილის; შპს „მაგნოლიას” 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარი აქვს შეწირული.

საარჩევნოდ წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, წაქაძის საბანკო ანგარიშზე 46.6 ათასი ლარი არის განთავსებული.



ვიქტორ სანიკიძე - ქართული ოცნების პარტიული სიით

ყოფილიკალათბურთელი ვიქორ სანიკიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების 13-ე ნომერი იყო. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სანიკიძის საბანკო ანგარიშებზე ირიცხება $200 ათასი დოლარი (656 ათასი ლარი) და 128 ათასი ევრო (509 ათასი ლარი). დეპუტატი ასევე ნაღდი ფულის სახით ინახავს $35 ათას დოლარს (114 ათას ლარს).



პარლამენტის მანდატებზე უარი თქვეს პარტია "ლელოს" დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. შესლის შემთხვევაში ისინი პარლამენტის უმდიდრესი დეპუტატები იქნებოდნენ. მამუკა ხაზარაძეს TBC PLC-ის აქციების 10%; ბადრი ჯაფარიძეს კი 6% ეკუთვნის. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები