მეჩაიეთა ასოციაცია: "ჩაის რეაბილიტაიის" ბიუჯეტი შეიძლება, ვერ ავითვისოთ
დავით ჯალაღონია
29.07.18 11:00
• 1134
მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე "ჩაის რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს.
როგორც სვანაძემ BM.GE-ს განუცხადა, პროგრამის ბენეფიციარების აქტიურობამ სასურველ დონეს ვერ მიაღწია.
"როცა პლანტაიების რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას იღებ, ყველაზე რთული ვალდებულება მეორე წელს გადამამუშავებელი საწარმოს სახით შენობის აგებაა. ეს იმდენად დიდი ტვირთია, რომ ბენეფიციარებს ხელოვნურად ამცირებს. არ შეუძლიათ. უკეთესი იქნება, პროგრამაში მხოლოდ ტექნოლოგიური განახლება დავტოვოთ და შენობის აგების ვალდებულება აღარ იყოს, რადგან გადამამუშავებელი სიმძლავრეები, ასე თუ ისე, არის. ბაზარზე ნედლეულის, ფოთლის დეფიციტი შეინიშნება", – განაცხადა სვანიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პრობლემების გამო „ჩაის რეაბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა, დარგმა ვერ აითვისოს.
მისივე თქმით, პროგრამის პირობების შეცვლის საკითხზე მეჩაიეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ.
"ალბათ, ჩვენი ბრალიც არის – ბოლომდე არ ვიაქტიურეთ, თემას ვერ მივყევით", – აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩაის კრეფა მაისიდან დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს "ჩაის რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 900 000 ლარია, რაც გასული წლის თანხას ორჯერ აღემატება.