მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეჩაიეთა ასოციაცია იმპორტირებულ ჩაიზე დამატებითი გადასახადის შემოღებას ითხოვს

618fd74467e52
დავით ჯალაღონია
13.11.21 22:56
1160
მეჩაიეთა ასოციაცია ქართული ჩაისთვის გარკვეული პრეფერენციების დაწესებას ითხოვს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა თენგიზ სვანიძემ BMG-სთან განაცხადა, ჩაის მწარმოებლები ანტიდემპინგური კანონის მიღების მოლოდინში არიან.

თენგიზ სვანიძის განმარტებით, იმპორტირებული ჩაი დაბალფასიანია, რის გამოც ადგილობრივი პროდუქცია საზღვარგარეთულ წარმოებებთან არათანაბარ კონკურენტულ პირობებშია.

“20-დან 25%-მდეა ქართული ჩაის ხვედრითი წილი შიდა ბაზარზე, დანარჩენი სხვადასხვა ფირმების მიერაა შემოტანილი. ჩვენ შეგვიძლია, იმ ჩაით, რასაც ვაწარმოებთ, ბაზრის 80-90% ავითვისოთ, მაგრამ კონკურენციას გვიწევს შემოტანილი ჩაი, ხარისხით ვერა, ფასით. შემოტანილ ჩაიზე დამატებითი გადასახადი თუ იქნება, მაშინ ქართული ჩაი კონკურენციას უფრო უკეთესად გაუწევს შემოტანილ ჩაის”, – განაცხადა სვანიძემ და დასძინა, რომ პარლამენტში შესულია ანტიდემპინგური კანონი, რამაც შესაძლოა, ეს საკითხი დაარეგულიროს.

“ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ჩაის მიმართულება შეიძლება, ამ კანონის რეგულირების სფეროში მოიექცეს. რა თქმა უნდა, ასე პირდაპირ, რომ დავდოთ და მივიღოთ კანონი, არ იქნება, მაგრამ რაღაც მუხლებში, ნიუანსებში, შეიძლება იმის ჩადება, რომ ქართულ ჩაის მეტი შესაძლებლობა მიეცეს. მე არ ვამბობ, რომ ქართულ ჩაის პრივილეგიები უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ ჩვენ თანაბარ კონკურენციაში მოვაქცევთ, როგორც ხარისხით, ისე ფასითა და დიზაინით, დარწმუნებული ვარ, ქართული ჩაი იმპორტირებულს აჯობებს”, – მიიჩნევს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 2.4 ათას ტონა ჩაის ფოთოლს ამუშავებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის სამ კვარტალში ექსპორტზე 1.219 მლნ დოლარის ღირებულების ჩაი გავიდა, საიდანაც 21.8% მონღოლეთზე მოდის. მონღოლეთთან ერთად უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია: თურქმენეთი – 150.9 ათასი დოლარი, ბელარუსი – 142.4 ათასი დოლარი, უკრაინა – 130.1 ათასი დოლარი, ყაზახეთი – 124.2 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები