მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეჭიაური უფლებამოსილების ამოწურვამდე ბიუჯეტის განხილვას აპირებს - "ბოიკოტს ქვეყანას ხომ არ გამოვუცხადებთ?"

57fb721fab9a7
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.16 15:10
1563
პარტიამ "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 0,16% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ახალ პარლამენტში თამაზ მეჭიაური და მისი პარტია ვერ შევა, უფლებამოსილების ამოწურვამდე დეპუტატი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მაინც აპირებს.

როგორც მეჭიაურმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცახდა, "ახლა გაბუტვის დრო არ არის" და პარლამენტარებმა საკუთარი ვალდებულება, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული ბოლომდე უნდა შეასრულონ. პირადად მეჭიაური ბიუჯეტის პროექტის განხილვას აპირებს, თუმცა, როგორ მოიქცევიან კომიტეტის სხვა წევრები, მისთვის უცნობია.

საქმე ისაა, რომ ახალი პარლამენტის პირველ შეკრებამდე ძველ პარლამენტს უფლებამოსილება არ უწყდება და მუშაობას განაგრძობს. ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით კი, ახალი პარლამენტის შეკრება არჩევნების მეორე ტურების დასრულებამდე ვერ მოხდება. შედეგად, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პირველ ეტაპზე მაინც იმ ადამიანებს მოუწევთ, რომლებიც მომდევნო პარლამენტში ვეღარ შევლენ. ძირითადად საუბარია წამყვან კომიტეტებზე, როგორიცაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თამაზ მეჭიაურის ხელმძღვანელობით და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ზურაბ ტყემალაძის ხელმძღვანელობით.

"ბოიკოტს ქვეყანას ხომ არ გამოვუცხადებთ? მემგონი უნდა განიხილონ სხვა კომიტეტებმაც, ვის უნდა გაებუტონ? ქვეყანამ ხომ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება?“,- აცხადებს მეჭიაური „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

"17 ოქტომბერს გვიწევს ბიუჯეტის პროექტის განხილვა. რა თქმა უნდა, ვაპირებთ შეკრებას. თუ სხვები შეიკრიბებიან, ვაპირებ მეც მისვლას. მე არ ვიცი, რამდენად იქნება კვორუმი, მაგრამ მე რომ მოვალ, ვიცი“,- აცხადებს მეჭიაური.

მისი თქმით, ძველი პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის სრულად განხილვას ვერ მოასწრებს.

"პირველი ეტაპის განხილვები უნდა მორჩეს 20 რიცხვამდე, შემდეგ 2 დღე აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადაუგზავნოს მთავრობას და მთავრობას 5 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ უკან დააბრუნოს ჩასწორებული ვარიანტი", - აცხადებს თამაზ მეჭიაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები