ქართულ მედია ბაზარზე ახალმა მედია პლატფორმა „აპრილმა“ დაიწყო ოპერირება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში" პლატფორმის დამფუძნებელმა, ხატია ღოღობერიძემ ისაუბრა.
მკითხველს „აპრილის“ ვებგვერდზე შეუძლია ნახოს ანალიტიკური და შემეცნებითი მასალები, წაიკითხოს ბლოგები, გაიცნოს ადამიანები, რომლებმაც აქტივიზმში (და არა მხოლოდ) დიდი წვლილი შეიტანეს, გაიგოს თემატური ახალი ამბები და განიტვირთოს ხელოვნებისა და გართობის რუბრიკის საშუალებით, სადაც წიგნების, ფილმების, სერიალების და ა.შ. მიმოხილვა დახვდებათ.
„ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, შევამციროთ დისკრიმინაცია, გავზარდოთ ცნობიერება და მივცეთ ტრიბუნა ადამიანებს, რომლებიც მეინსტრიმული მედიისთვის ნაკლებად ხილვადები არიან.
თავდაპირველად, ვიმუშავებთ ლგბტ ადამიანებისა და ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სამომავლოდ კი, ვაპირებთ, უფრო ფართოდ ავსახოთ ყველა არადომინანტური ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოსა და რეგიონში
ჯერ 2 კვირაა, რაც ჩაეშვა ჩვენი ვებგვერდი და ამ მონაცემებით 5000-მდე მომხმარებელი გვყავს. ეს არის მხოლოდ "ვების" მაჩვენებელი, თუმცა თვის ბოლოსთვის ზუსტი მონაცემები გვექნება ყველა სოციალური ქსელის მიხედვით. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოების ყველა სეგმენტში ცნობიერება ავამაღლოთ,“ - აღნიშნავს ხატია ღოღობერიძე.
„აპრილი“ 2023 წლის 25 აპრილს ხუთი ადამიანის მიერ დაფუძნდა. პლატფორმის თვალის მიდევნება საქართველოში პოპულარული ყველა სოციალური ქსელის საშუალებით არის შესაძლებელი.
„აპრილის“ გუნდი ამ ეტაპისთვის 11 ადამიანისგან შედგება.