მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიასაშუალებების წარმომადგენლები რუსთავი 2 – ის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ

58bc5f5d8277f
BM.GE
05.03.17 22:51
1546

მედიასაშუალებები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია რუსთავი2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რადგან ვთვლით, რომ ამ ტელეკომპანიის საქმის განვითარება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაგარემოსა და დემოკრატიის განვითარებაზე.

სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს პირველივე ინსტანციიდან იყო ღია ნიშნები იმისა, რომ პროცესი არ არის დაცლილი პოლიტიკური გავლენისგან. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიღო განჩინება, რომლითაც გააჩინა შესაძლებლობა, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

რუსთავი 2-ის სასამართლოში მიმდინარე დავის პარალელურად ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ ამ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმოკლეს დროში მიიღო გადაწყვეტილება ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც თავისი არსით საყოველთაო მნიშვნელობისაა და ამასთან მოცულობითია.

ქართული სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ამ და სხვა ფაქტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის ამჟამინდელ მფლობელებს შეეზღუდათ ქვეყნის შიგნით სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამ შთაბეჭდიების ფონზე, მოხარულები ვართ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა რუსთავი2–ის საქმეს და დროებით შეაჩერა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დავის საბოლოო განხილვამდე ძალაში დატოვებს ამ გადაწყვეტილებას და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას შესაძლებლობა ექნება ევროპის სასამართლოში დავის დასრულებამდე გააგრძელოს მაუწყებლობა და უზრუნველყოს პლურალისტული გარემო ქვეყანაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2 -ის საქმეზე მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, რადგანაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და მიიჩნევს ხელისუფლების მცდელობად ხელში ჩაიგდოს ყველაზე რეიტინგული და ხელისუფლების მიმართ ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული არხი. ვფიქრობთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ კონსენსუს ამ საკითხზე ევროპის სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობის გამო.

მედია პლურალიზმი ამჟამად საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსთავი 2 -ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის პარალელურად ქვეყანაში დისკუსიის საგანია საზოგადოებრივი მაუწყებელის მომავალი. მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან არსებული ეჭვების ფონზე, ახალმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა მაუწყებლის განვითარების გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის დახურვას ითვალისწინებს 2018 წლამდე. ამ ფონზე ქვეყნის მთავარ, ყველაზე რეიტინგულ, მთავრობისგან დამოუკიდებელი არხის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მიუკერძოებელ ინფორმაციასა და მრავალფეროვან მოსაზრებებზე”- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი

მამუკა ღლონტი, რადიო "მაესტროს" დირექტორი, შპს სტუდია "მაესტროს" ერთ–ერთი მფლობელი

ილია კიკაბიძე, შპს ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი

ლიკა ბასილაია, ვებპორტალი "ევროპა საქართველოსთვის"
 
დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი, გადაცემა "დღის ამბების" წამყვანი

ირაკლი ტაბლიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი. გადაცემა “ვექტორის“ თანაწამყვანი

გიორგი ისაკაძე, ფონდი "ბიზნესმედია საქართველო"- გადაცემების: "საქმიანი დილა", "ანალიტიკა", "ბიზნესკონტრაქტი", "ქალების ნარატივის" ავტორი.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი.

ია ბობოხიძე , საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე

ნესტან ცეცხლაძე, ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი

ეთერ თურაძე , ჟურნალ ბათუმელების მთავარი რედაქტორი

თაზო კუპრეიშვილი, on.ge- ს მთავარი რედაქტორი



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები