მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მედიის შუამავლობა არ დაგვჭირდება", – თურნავა ფოთის პორტის ინვესტორებთან შეხვედრას გეგმავს

5d0794413bf14
დავით ჯალაღონია
17.06.19 17:21
1154
"ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BM.GE–ს ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა შეხვედრას "ეიპიემ ტერმინალსთან", სადაც აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა ხარვეზების გამო გაუქმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების მიწათსარგებლობის ნებართვა.

"მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ვაპირებ შევხვდე "ეიპიემ ტერმინალსს" და საქმიან ვითარებაში განვიხილო ზოგადად მათთან ყველა საჭირბოროტო საკითხი, იმიტომ რომ "ეიპიემ ტერმინალსის" ინვესტორი მნიშვნელოვანი ინვესტორია, ფოთის პორტი ასევე არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელსაც თავის დიდი კონტრიბუცია შეაქვს ქვეყნის ლოჯისტიკაში. ნუ მიწყენთ, მაგრამ ინვესტორებთან ურთიერთობაში მედიის შუამავლობაც არ დაგვჭირდება, ისე კარგად გადავწყვეტთ ყველა საკითხს. შევეხმიანებით, შევხვდებით და თუკი რამ არის ღია კითხვა, გავივლით", - განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, ხომ არ დააფრთხობს ანაკლიის პორტის ინვესტორებს მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თურნავამ პასუხად განაცხადა, რომ "ამაზე მთავრობამ ცალსახა პასუხი გასცა".

"ჩვენთვის ცალსახად პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი", – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერ სხვა ალტერნატიულ პროექტს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს.

"თუკი რაიმე ბიზნესგეგმა იქნება სამინისტროში წარმოდგენილი და ჯერჯერობით ბიზნესგეგმა წარმოდგენილი არ არის, განვიხილავთ მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავაზარალოთ ანაკლიის პორტის კონცეფცია", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები