12 იანვარს თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს.
აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავებისისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება“,- აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა განცხადება წაიკითხეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ამაღლობელის საქმით. აქციის მონაწილე მედიის წარმომადგენლების განმარტებით, გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია ამაღლობელის დაკავება დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.
11-12 იანვარს "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობისა, ამაღლობელის და სხვა 9 დემონსტრანტის დაგავება გააპროტესტეს ბათუმშიც.
აქციის მონაწილეები, დაკავებულების დროულ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, „რუსული რეჟიმი ძალადობს თავისუფალ ადამიანებზე, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან”.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობის სახლთან სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა რეგიონიდანაც შეუერთდნენ.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ტრადიციულად, აქციები და საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე და გარდა ამისა, რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების კორპორაციული ვახშამი მიმდინარეობს.