მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია - ქარტია

645cabf7380e8
BM.GE
11.05.23 12:56
424
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ქარტიას ამ განცხადების დასაბუთების მიზნით რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდა.

„სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ მოიპოვეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო მამუკაშვილის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო სტუდია მონიტორისთვის უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაციის მიწოდებას NCDC-ს. სტუდია მონიტორი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო მამუკაშვილმა მათთან საუბარში ეს მიმოწერა უარყო.

გარდა ამისა, 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერმა qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე უარი უთხრა. ასევე, Qvemoqartli.ge-ს შიდა აუდიტის დასკვნის გაცემაზე უარი უთხრა რუსთავის მერმაც.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიას საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ეზღუდება. ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაციის არათუ სიმცირეზე, არამედ, ფაქტობრივად, არ არსებობაზე, რაც ხელს უშლის მოქალაქეების ინფორმირებას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული ფაქტებიც“, - აცხადებენ ქარტიაში.

ჟურნალისტული ეთიკის ქარტია სახელმწიფო უწყებებს კანონმდებლობის შესრულებისა და საჯაროობისკენ მოუწოდებს.

„ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გააცნობიერონ საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობა, შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიაწოდონ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს. მოქალაქეებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ საჯარო ინფორმაციაზე.
ქარტია მოუწოდებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, ნუ უქმნიან საფრთხეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, ღიაობა და შეცვალონ მიდგომები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები