მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Medik-ის აპლიკაციას კლინიკაში ვიზიტის ციფრულად დაჯავშნის ფუნქცია ემატება

63c121ae43101
თინათინ ნატმელაძე
15.01.23 15:50
564
Medik-ის აპლიკაცია 2021 წელს სამედიცინო სერვისების გაციფრულების მიზნით ამოქმედდა, აქ პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა, რომ ექიმის დანიშნული რეცეპტი და სამედიცინო ისტორია ერთ სივრცეში, საკუთარ მობილურში ჰქონდეს თავმოყრილი.

BM.GE-თან საუბრისას იდეისა და პროექტის ავტორი ლაშა მურჯიკნელი აღნიშნავს, რომ აქამდე არსებულმა სერვისებმა წარმატებულად იმუშავა, ახლა კი ახალ ფუნქციონალს ამატებენ, რომლის საშუალებითაც მათ მომხმარებლებს სამედიცინო ვიზიტების დაჯავშნაც აპლიკაციიდან შეეძლებათ.

„რეზერვაციის მოდულს თებერვალში ჩავუშვებთ, მსგავსი სერვისი აქამდე საქართველოში არ არსებობდა, უნდა დაგერეკა მობილურით, შემდეგ რეგისტრატორთან მისულიყავი. ბევრი პროცესი იყო, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვამარტივებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი გავაციფრულოთ, მათ შორის კლინიკაში რიგების კონტროლიც და რაც შეიძლება მინიმალური საქმე გაკეთდეს ფურცლების მეშვეობით“, - განაცხადა ლაშა მურჯიკნელმა.

მისივე ცნობით, აპლიკაციის სერვისების გამოყენება მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა, პარტნიორი კლინიკები კი საკომისიოს იხდიან.

„ამ ეტაპზე ოთხი პარტნიორი კლინიკა გვყავს, რომელიც ჩვენს ფუნქციონალებთან ინტეგრირდა, რეზერვაციის მოდულს კი სტომატოლოგიურ კლინიკებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებს უფასოდ ვთავაზობთ, იმისთვის, რომ უფრო მეტი მათგანი ჩაერთოს ამ პროექტში და გადმოვიდეს ციფრულ მექანიზმებზე“, - განმარტავს Medik - ის დამფუძნებელი.

მურჯიკნელი გვიყვება, რომ სამედიცინო სერვისების გაციფრულების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა კლინიკების დარწმუნებაა, რომ შიდა საოპერაციო სისტემები მათთან დააინტეგრირონ.

რაც შეეხება ინვესტიციას, დამფუძნებლის ინფრომაციით, 100 000 დოლარის ინვესტირება უკვე განხორციელდა, ახლახანს კი GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვეს, რომელიც მარკეტინგული კამპანიების ორგანიზებაში დაეხმარებათ.

ცნობისთვის: Medik-ის ფუნქციონირებაში ოთხი ადამიანია დასაქმებული და მის აქამდე არსებულ სერვისებს 40 000-მდე მომხმარებელი ყავს.